ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისას, „ბარსელონა“ ინგლისური „ტოტენჰემის“ ცენტრალური მცველის, ტობი ალდერვეირელდის შეძენას ეცდება. 28 წლის ფეხბურთელს „დეზებთან“ კონტრაქტის ვადა წლევანდელი სეზონის ბოლოს ეწურება.
მართალია, ხელშეკრულებაში წერია, რომ მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, ალდერვეირელდს კონტრაქტი ავტომატურად კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივდება, მაგრამ „ბარსელონა“ ერთობ მოწადინებული ყოფილა ბელგიელის გადაბირებით.
ბოლო დროს კატალონიურ კლუბს დაცვაში პრობლემები მოუმრავლდა. სამუელ უმტიტი და ტომას ვერმალენი დაშავებული ჰყავს. ერთი ხანი „აიაქსის“ ჭაბუკი მატიეს დე ლიგტის ყიდვასაც ფიქრობდნენ, მაგრამ არც ფეხბურთელს სურს ამსტერდამიდან აბარგება და არც კლუბის ხელმძღვანელობას მისი გაშვება.