ფეხბურთი

22:35 | 15.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2020-ის ჩვეულებრივი შესარჩევი ციკლი: რომელ კალათაში იქნება საქართველოს ნაკრები?
საქართველოს ნაკრებისთვის ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩი ფასეულია

ერთა ლიგა კარგია, ერთა ლიგა გადასარევია. თუმცა, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მთავარი შესარჩევი ციკლი ჯერ კიდევ წინაა. მართალია, ჩვენ მთლიანად ახლადშექმნილ ტურნირზე ვართ გადართულნი, მაგრამ ნაცნობი საკვალიფიკაციო ეტაპის მივიწყებაც არ ივარგებს.

რომელ კალათაში იქნება წილისყრისას საქართველოს ნაკრები? - ჯერ უცნობია. მაგრამ ვიცით, რომ ან მეოთხე კალათაში მოხვდება, ან მეხუთეში. ეს ერთა ლიგის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

მოკლედ, თუ ერთა ლიგის D დივიზიონის ჯგუფურ ეტაპს საქართველოს ნაკრები საუკეთესო შედეგით დაასრულებს, მეოთხე კალათაში იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში - მეხუთეში. საქმე ისაა, რომ D დივიზიონში 16 ნაკრები ასპარეზობს, რომელთაგან 15 მეხუთე და მეექვსე კალათებში გადანაწილდებიან, ხოლო საუკეთესო შედეგის მქონე, ანუ, უეფას ერთა ლიგის რეინტინგში მე-40 ნაკრები, მეოთხე კალათაში მოხვდება.

თავიდანვე ვთქვათ, რომ ერთა ლიგის A დივიზიონის 4 ქვეჯგუფის გამარჯვებული ნაკრები პირველ კალათაში მოხვდებიან.

I კალათა: ერთა ლიგის რეტინგით 5-10 ნაკრები (დაემატება ზემოხსენებული 4 გუნდი).

II კალათა: ერთა ლიგის რეიტინგით 11-20 ნაკრები

III კალათა: ერთა ლიგის რეიტინგით 21-30 ნაკრები

IV კალათა: ერთა ლიგის რეიტინგით 31-40 ნაკრები

V კალათა: ერთა ლიგის რეიტინგით 41-50 ნაკრები

VI კალათა: ერთა ლიგის რეიტინგით 51-55 ნაკრები

აქვე შესარჩევი ეტაპის ფორმატიც: უეფას წევრი 55 ნაკრები 10 ქვეჯგუფში გადანაწილდებიან. აქედან A, B, C, D და E ჯგუფები 5-გუნდიანი იქნება, ხოლო დანარჩენი F, G, H, I და J ჯგუფები კი 6-გუნდიანი.

ფინალური ეტაპის საგზურს თითოეული ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო ნაკრები ავტომატურად მიიღებს. შედეგად, 20 გუნდი ევროპის ჩემპიონატის საგზურის მფლობელი გახდება.

აქვე, შესარჩევი ციკლის ჩატარების თარიღებიც:

I ტური: 21-23 მარტი, 2019 წელი

II ტური: 24-26 მარტი, 2019 წელი

III ტური: 7-8 ივნისი, 2019 წელი

IV ტური: 10-11 ივნისი, 2019 წელი

V ტური: 5-7 სექტემბერი, 2019 წელი

VI ტური: 8-10 სექტემბერი, 2019 წელი

VII ტური: 10-12 ოქტომბერი, 2019 წელი

VIII ტური: 13-15 ოქტომბერი, 2019 წელი

IX ტური: 14-16 ნოემბერი, 2019 წელი

X ტური: 17-19 ნოემბერი, 2019 წელი.

შესარჩევი ტურნირის დასრულების შემდეგ გასარკვევი დარჩება 4 ნაკრების ვინაობა, რომელიც ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს. ეს ყველაფერი კი ერთა ლიგის პლეი-ოფებში (ნახევარფინალი, ფინალი) გაირკვევა, რომელიც ჩვეულებრივი შესარჩევი ეტაპის დასრულების შემდეგ ჩატარდება. კერძოდ, ნახევარფინელები 2020 წლის 26-28 მარტს, ხოლო ფინალები იმავე წლის 29-31 მარტს.

სწორედ 2020 წლის 31 მარტს დაკომპლექტდება სრულად დამდეგი ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის 12 ქალაქი უმასპინძლებს.

და ბოლოს, ჩვეულებრივი შესარჩევი ეტაპის წილისყრა მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, დუბლინში გაიმართება.

0.117485