საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ლატვიასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. სლოვაკი სპეციალისტის აზრით, ჯერჯერობით გაფორმებული არაფერია და ამიტომ, რიგაში მხოლოდ გამარჯვება იქნება მიზანი.
ამასთან, ვაისს მნიშვნელოვან ფაქტორად მიაჩნია, რომ მისმა გუნდმა მშრალი სერიის გაგრძელება მოახერხოს:
„ლატვიას კარგი მწვრთნელი ჰყავს, რომელიც 4-4-2 ტაქტიკური სქემას ანიჭებს უპირატესობას. მეტოქე სტანდარტულების დროს სახიფაფათოა. ვიცით, რომ გამარჯვებას გეგმავენ, მაგრამ ჩვენც იგივე მიზანი გვაქვს. წინა მატჩები გუნდმა კარგად ჩაატარა და წესით 2 ქულაზე მეტიც უნდა მოეპოვებინა.
ჯგუფიდან გასვლის შანსს ყველა ინარჩუნებს, მაგრამ ამის ალბათობა მცირეა. ვეცდებით, რომ კარი მშრალად შევინახოთ, ეს ჩვნეთვის მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე არაფრისთვის მიგვიღწევია და ამიტომ, მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე ვფიქრობთ.
ფეხბურთელის დამატება არ გადავწყვიტე, რადგან ეს უფრო ემოციურ ფონზე გაკეთებული განცხადება გახლდათ. ცვლილებები იქნება, მაგრამ ცოტა. გუნდში კონკურენციაა და ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს.
ზარანდია? ის დებიუტანტია და ნიჭიერია, მაგრამ ახლა ექსპერიმენტების დრო ნაკლებადაა. ხვალ უფრო რთული თამაში გველოდება, ვიდრე თბილისში იყო. ამიტომ, საგოლე მომენტების მაქსიმალურ რეალიზაციას დიდი მნიშვნელობა ექნება. რა თქმა უნდა, არ ვთამაშობთ ესპანეთის, ინგლისის, იტალიის წინააღმდეგ, მაგრამ მოცემულ მომენტში გუნდი სამუშაოს კარგად ასრულებს და იმედია, ხვალ დადებით შედეგს აჩვენებს“, - განაცხადა ვაისმა.
შეგახსენებთ, ლატვია - საქართველოს მატჩი 16 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია „პირველ არხზეა" დაგეგმილი.