ფეხბურთი

20:18 | 13.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ანრის მეორედ მისვლა

დღეს „მონაკომ“ ოფიციალურად გამოაცხდა ლეგენდარული ფრანგი შემტევის, ტიერი ანრის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ. კონტრაქტი 2021 წლამდეა გათვლილი, რაც კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან ერთობ სარისკო გადაწყვეტილებაა. ერთი, „მონაკოს“ სავალალო მდგომარეობის გამო. მეორე - ანრის სამწვრთნელო გამოუცდელობის კვალად.

წლევანდელი სეზონი „მონაკოსთვის“ გარდამავალი იქნება. ანრი თავადაც რისკავს. მართალია, ბელგიის ნაკრებში რობერტო მარტინესის თანაშემწედ მუშაობდა, მაგრამ დამოუკიდებელად მუშაობის პრაქტიკა არ აქვს.

ყოფილა შემთხვევბი, როცა ამა თუ იმ გამოუცდელ სპეციალისტს თავიდანვე „დაუქოქია“ გუნდი და პირველივე წელს მოუგია ტიტული. თუმცა, „მონაკო“ დღეს ფრანგული ლიგა 1-ის ცხრილში ლიდერს 21 ქულით ჩამორჩება და რაიმე წარმატებაზე საუბარი, ალბათ ნაადრევია.

“არსენალში“ და „ბარსელონაში“ გატარებული ფანტასტიკური სეზონების შემდეგ, გულშემატკივრებს ალბათ მიავიწყდათ კიდეც, რომ ანრის კარიერა სწორედ „მონაკოში“ იწყებოდა. იქ 17 წლის ტიერიმ არსენ ვენგერი გაიცნო, რომელმაც კარგა ხანს ვერ მოუძებნა ახალგაზრდას საჭირო ადგილი და ბოლოს შეტევის ცენტრში გამოსცადა. ვენგერი მალევე წავიდა გუნდიდან და ანრის დახვეწა უკვე ჟან ტიგანამ გააგრძელა. 1996-97 წლების სეზონში „მონაკო“ ქვეყნის ჩემპიონი გახდა. ანრიმ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზი მიიღო და კინაღამ მადრიდის „რეალში“ აღმოჩნდა.

იმ დროს „რეალს“ უკვე ჰქონდა პრობლემები ახალგაზრდა ფეხბურთელების ყიდვასთან დაკავშირებით. ანრიმ ხანგრძლივ კონტრაქტს მოაწერა ხელი, მაგრამ გარიგება უკანონო აღმოჩნდა. კონტრაქტი გააუქმეს და ანრის სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუხდა. ისევ „მონაკოს“ დაუბრუნდა და მასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მიაღწია. ამასობაში ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს.

„მონაკოში“ ხუთწლიანი გარჯის შემდეგ, „იუვენტუსში“ გადავიდა, მერე კი „არსენალში,“ სადაც თავის პირველ მწვრთნელ ვენგერს ისევ შეხვდა და თავბრუდამხვევი კარიერაც დაიწო. ჯერ ინგლისში, მერე ესპანეთში. ორჯერ პრემიერლიგა მოიგო, ორჯერაც ესპანური ლა ლიგა. „ბარსასთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგაშიც გაიმარჯვა.

საფრანგეთის ნაკრებთან ერთად კი 1998 მსოფლიო და 2000 წლის ევროპის ჩემპონატები მოიგო. ცალკეული ინდივიდუალური პრიზების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა.

და აი, 24 წლის შემდეგ, კვლავ „მონაკოს“ დაუბრუბდა, უკვე მთავარი მწვრთნელის რანგში.

მისი გამწვრთნელების შესახებ დიდი ხანია საუბრობენ. თითქოს „არსენალში“ ვენგერი უნდა შეეცვალა, მაგრამ ჯერ „მეთოფეთა“ ყმაწვილებთან გამოსცადეს და მაინცდამაინც წარმატებული ვერ გამოდგა.

მერე რობერტო მარტინესს ეხმარებოდა ბელგიის ნაკრებში. ფეხბურთელებსაც მოსწონდათ მასთან მუშაობა. მაგალითად, ახალდამთავრებული მსოფლიო ჩემპიონატის დროს (სადაც ბელგიის ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა) „ეშმაკუნები“ სიამოვნებით აღნიშნავდნენ მის დიდ როლს საერთო წარმატებაში.

აი, ადნან იანუზაის სიტყვები: „ის ლეგენდარული, დიდი ფეხბურთელია. ყოველთვის სასიამოვნოა ასეთი ადამიანის გუნდში ყოფნა. რაღაცას გასწავლის, მიგითითებს.“

ნასერ შადლი: „ანრი თავის მდიდარ გამოცდილებას გვიზიარებს. ბევრს გვესაუბრება, განსაკუთრებით თავდამსხმელებს.“

რომელუ ლუკაკუ: “ვფიქრობ, ჩემში საკუთარ ახალგაზრდობას ხედავს და ამიტომ ზოგჯერ ზედმეტად მკაცრია ხოლმე. თუმცა, ყოველთვის სიმართლეს ამბობს. მაგალითად, მან მასწავლა უფრო ჭკვიანურად მოძრაობა და თამაშგარეში იშვიათად მოხვედა.“

სპეციალისტები ამბობენ, რომ მწვრთნელი-ანრი აქცენტს მოთამაშეების ოსტატობასა და ხასიათზე აკეთებს და არა ტაქტიკურ სქემებზე. თუმცა, ზოგჯერ ასეთი მიდგომაც ამართლებს.

მარტინესის ასისტენტობისას, ანრი წელიწადში გასამრჯელოდ მხოლოდ 50 ათას ევროს ოღებდა და მასაც შიდსთან ბრძოლის საქველმოქმედო ფონდში რიცხავდა.

მით უმეტეს, უცნაურია, როგორ ვერ მოელაპარაკა ზაფხულში „ბორდოს.“ ამბობენ, კონტრაქტი სწორედ ფინანსური მიზეზით ჩაიშალაო. მერე მოარული ხმები ანრის „ასტონ ვილაში“ აგზავნიდნენ, სადაც მას, იდეაში ჯონ ტერისთან ერთად უნდა ემუშვა. მაგრამ აქაც ვერ აეწყო.

„მონაკოში“ მისი დაბრუნებისთანავე კი მარტინესმა თქვა: დაიმახსოვრეთ, ანრი ლეგენდარული მწვრთნელი გახდებაო.

0.131401