ჭიდაობა

19:40 | 13.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩხიკვაძე: „ჩემპიონის ტიტულს მთელ საქართველოს ვუძღვნი“!

პირველად, საქართველოს ისტორიაში, ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე საქართველოს ჰიმნი აჟღერდა. არგენტინაში მიმდინარე ახალგაზრდულ თამაშებზე ჩემპიონობა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე - გიორგი ჩხიკვაძემ მოიპოვა.

გიორგიმ ფინალში უშანსოდ, პირველივე პერიოდში გაანადგურა მეტოქე და 9:0 დაამარცხა ყირგიზი - ელმირბეკ სადუროვი. მანამდე ჩვენებურმა ქვეჯგუფში სომეხ საჰაკ ჰოვანისიანს აუღო რევანში, რომელთანაც ევროპის ჩემპიონატის ფინალი ჰქონდა წაგებული, ხოლო ალჟირელ აჰმედ აბდელჰამიკ მერიკის 13:3 მოუგო.

როგორც თავში ავღნიშნეთ, ეს 17 წლის ქართველი ფალავანისთვის ისტორიული გამარჯვება გახლავთ და სრულიად საქართველომ გაიზიარა ის სიხარული, რაც გიორგი ჩხიკვაძემ ბუენოს აირესში განიცადა. თუ რა გზა გამოიარა ჩემპიონობამდე ახალგაზრდა მოჭიდავემ და როგორი გრძნობაა იყო ოლიმპიური ჩემპიონი, ამ და სხვა კითხვებით გიორგის არგენტინაში დავუკავშირდით, რომელსაც ოლიმპიადაზე, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების საქომაგოდ მიეჩქარებოდა, მაგრამ ინტერვიუ მაინც შედგა.

- გიორგი, პირველ რიგში გილოცავთ ჩემპიონის ტიტულს. მოგვიყევი რატომ აირჩიე სპორტის ეს სახეობა და რა ეტაპები გაიარე ფინალამდე..

- ჭიდაობა დავიწყე მამაჩემის გამო. მამაჩემი მოჭიდავე იყო და პატარაობიდანვე მეც გამიჩნდა სურვილი ამ გზით წავსულიყავი. ასე რომ მამაჩემის დიდი დამსახურებაა ჩემი წარმატება. ვარჯიში სენაკში დავიწყე, ჩემი პირველი მწვრთნელი - ვალერი მურღულია გახლდათ, ძალიან კარგი ადამიანი, რომელსაც, ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი იმისთვის, რომ ბევრი რამ მასწავლა. დარწმუნებული ვარ, ახლა ბედნიერი იქნება ჩემი გამარჯვებით.

რაც შეეხება ფინალამდე განვლილ გზას, იოლი ნამდვილად არ იყო. ძალიან დიდი შრომის ფასად გავედი ფინალში. ჯერ მოვუგე სომეხ ფალავანს, რომელთანაც სამწუხაროდ, ევროპის ჩემპიონატის ფინალი მქონდა წაგებული. შემდეგ კი ალჟირის წარმომადგენელი დავამარცხე და ასე ავღმოჩნდი ფინალში.

ფინალში ისეთი მოტივირებული გავედი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძლიერი მეტოქე მყავდა, ერთი წამითაც არ მიფიქრია მასზე. არ ჰქონდა მნიშვნელობა მოწინააღმდეგე ვინ იქნებოდა, შინაგადან ვგრძნობდი რომ ისტორია უნდა დამეწერა და უნდა მომეგო ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული და ვფიქრობ, ღირსეულად გავიმარჯვე.

- როგორი განცდაა, როცა ოლიმპიური ჩემპიონი ხდები?

- ამას ენით ვერ აღწერ, ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი წუთები იყო. ვგრძნობდი, რომ მთელი საქართველო, ჩემი ქვეყანა შორიდან მქომაგობდა და ეს მარტო ჩემი გამარჯვება არ იყო. ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ ამდენი ხალხი გავახარე. ბევრი მწერს და მილოცავენ უცნობებიც. ვამაყობ ქართველობით.

- რას ურჩევდი დამწყებ მოჭიდავეებს, რომლებისთვისაც შენ ახლა მაგალითი ხარ..

- მიუხედავად იმისა, რომ მეც არ ვარ ასაკით ძალიან დიდი, გარკვეული გამოცდილება დამიგროვდა და ერთ რამეს ვურჩევდი მათ. რაც შეიძლება მეტი ივარჯიშონ, იშრომონ და წარმატება აუცილებლად მოვა. მიზანი ჰქონდეთ, ამ მიზნისთვის იბრძოლონ და ისინიც გახდებიან ჩემპიონები.

- ვის უძღვნი ამ გამარჯვებას?

- ამ ტიტულს მთელ საქართველოს, ჩემს ოჯახს და ყველა იმ ადამიანს ვუძღვნი, ვინც მგულშემატკივრობდა და ჩემი გამარჯვება გაუხარდა. დიდი მადლობა, რომ დამიკავშირდით, ახლა უნდა გავიქცე, ჩვენი საკალათბურთო ნაკრები გამოდის ოლიმპიადაზე და საქომაგოდ მივდივართ.

0.113614