ფეხბურთი

13:25 | 13.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ტიერი ანრი "მონაკოს" მწვრთნელია

ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ტიერი ანრი „მონაკოს“ მთავარი მწვრთნელია. აღნიშნული ინფორმაცია მონეგასკთა ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. ანრიმ „თავადებთან“ კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

„ტიტისთვის“ ეს პირველი სამწვრთნელო გამოცდილება იქნება. მართალია, აქამდე რობერტო მარტინესის თანაშემწედ ბელგიის ნაკრებში მუშაობდა, მაგრამ მთავარი მწვრთნელის პოსტზე „მონაკო“ მისთვის პირველი გამოწვევა იქნება.

ფრანგი ლეონარდუ ჟარდიმს ჩაანაცვლებს, რომელიც გუნდმა ორიოდ დღის წინ წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვა. საქმე ისაა, რომ „მონაკოს“ საფრანგეთის ლიგა 1-ში პირველი ტურის შემდეგ არ მოუგია და შედეგად, 9 ტურის მერე 6 ქულით გასავარდნ ზონაში იმყოფება. ჩემპიონთა ლიგაზე კი საწყის ორ ტურში ქულაც ვერ მოიპოვა.

ანრისთვის „მონაკო“ სახლია. სწორედ ამ გუნდიდან დაიწყო მისი ლეგენდარული საფეხბურთო კარიერა. ტიერი „ლუი II“-ზე 1993-1999 წლებში ირიცხებოდა და 141 მატჩში 28 გოლის გატანა მოახერხა.

0.124088