ესპანურმა “ბასკონიამ”, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელები თორნიკე შენგელია და მეტ ჯენინგი იცავენ, ევროლიგის ახალი სეზონი გამარჯვებით გახსნა.
ბასკონიელები ლიტვაში “ჟალგირისს” ესტუმრნენ და 87:79 მოიგეს, თორნიკე და მეტი კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდნენ.
27:54 წუთში შენგელიას მონაგარი 12 ქულა, 6 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო. მან 3-დან 1 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.
რაც შეეხება ჯენინგს, მან 25:28 წუთში 11 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მეტმა 5-დან 3 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.
სტუმრებს დიდი სარგებელი მოუტანა ჯეისონ გრეინჯერმა, რომელმაც 5 სამქულიანი ჩააგდო, შევონ შილდსმა 14 ქულა მიითვალა, მარსელიონიო უერტასმა კი – 11. “ჟალგირისის” მხრიდან საუკეთესო ნეიტ ვოლტერსმა 19 ქულა მოაგროვა.
“ბასკონიას” მომდევნო მატჩი 17 ოქტომბერს ელის, როდესაც პირეოსის “ოლიმპიაკოსს” უმასპინძლებს.