კატალონიის „ბარსელონაში“ არტურო ვიდალის კარიერა სასიამოვნოდ არ დაწყებულა. ჩილელი ფეხბურთელი უკმაყოფილო რომ გახლავთ სათამაშო დროით, ამაზე უკვე გამცნეთ.
სამხრეთ ამერიკელმა სოციალურ ქსელში პოსტიც გამოქვეყნა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოგვიანებით ვიდალმა პოსტი წაშალა და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი „ბარსას“ არ უკავშირდებოდა.
თუმცა, Mundo Deportivo-სთან საუბარში „ბლაგურანას“ გენერალური დირექტორი პეპ სეგურა ვიდალს აკრიტიკებს და ამბობს, რომ კლუბისადმი მეტი პატივისცემა უნდა გამოიჩინოს.
„არტუროს მესიჯები ორ შინაარს შეიცავდა: პირველი ის, რომ სურს გუნდის დახმარება და შესაბამისად, მეტი სათამაშო დრო. მეორეს მხრივ, უარყოფითი ისაა, რომ ჩვენ ვთვლით, უფრო მეტი უნდა იმუშაოს, რადგან დიდი გუნდის ნაწილია, რომელსაც დიდი ფეხბურთელები ჰყავს. ევე, უნდა იმუშაოს თანაგუნდელების პატივისცემაზე გასახდელში, მწვრთნელთან, გუნდთან. ვიცით, რომ ამ პოსტით ყველაზე მეტად თვითონ დაზარალდა, ვიდრე ვინმე სხვა“, - განაცხადა სეგურამ.
შეგახსენებთ, ვიდალი „ბარსელონას“ გასულ ზაფხულს „ბაიერნიდან“ შეუერთდა და დღემდე მხოლოდ 8 მატჩში, ოდენ 176 წუთით მიიღო მონაწილეობა.