ბექა ბექაური კარიერას „დელტაში“ გააგრძელებს. სუპერლიგის შარშანდელმა დებიუტანტმა კიდევ ერთი კარგი მოთამაშით გააძლიერა შემადგენლობა. საქართველოს ნაკრების წევრი ახალ გუნდში სეზონის ბოლომდე დარჩება.
ბექა გამოცდილია. პრო-კარიერა დაიწყო 2009/2010 წლების სეზონში სამედიცინო აკადემიის გუნდში და ბოლო წლებში (2014/2015-დან) „ქუთაისში“ იყო. 6 საინტერესო და სტაბილურ სეზონში ბექაური სტატისტიკა 9.6 ქულა და 6.8 მოხსნა იყო.
„დელტაში“ ბექა ერთ-ერთ ლიდერად მოდის.
- რატომ „დელტა“?
- ზვიად ანთაძე (კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი და კაპიტანი) ჩემი ნათესავია და ეს გადამწყვეტი ფაქტორი იყო. გუნდიც საკმაოდ საინტერესო გვყავს. კარგ სეზონს ველოდები.
- რას მიიღებს „დელტა“ თქვენგან?
- ყველაფერს, რაც შემიძლია, მაქსიმუმს.
- კარგ ფორმაში შეხვედით?
- ბოლო წლებში ასეთ კარგ ფორმაში არ ვყოფილვარ.
- მოგწონთ „დელტას“ ეს შემადგენლობა?
- კი, ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავს. დაბალანსებული გუნდია. გვყავს ორი თითქმის თანაბარი ხუთეული.
- შეძლებს „დელტა“ მედლებისთვის ბრძოლას?
- ერთ-ერთი პრეტენდენტი იქნება. ქართველებიც და ლეგიონერებიც ძალიან კარგად გვყავს შერჩეული.
- სუპერლიგის სხვა გუნდების სიახლეებს ეცნობით?
- იშვიათად.
- სუპერლიგის საუკეთესო მაღლები დაასახელეთ.
- პირველ რიგში, აკაკი დვალიშილი. ილია ლონდარიძეც. „დელტას“ მაღალი - გეგი ბაქრაძე.
- ვინ გიქმნით ყველაზე მეტ პრობლემას მაღლებიდან?
- გამორჩეულად...არავინ. არავისთან არ მიჭირს თამაში.
- საინტერესოა ლექსო ლაფანაშვილთან მუშაობა?
- ლექსოს დიდი ხანია ვიცნობ. ერთად ვიყავით შსს-ში. პატივს ვცემ. როგორც მწვრთნელი, საკმაოდ საინტერესოა.
- „ქუთაისთან“ ერთად ზედიზედ ორი ფინალი წააგეთ. მიზეზი?
- ცოტა რთულია მიზეზებზე საუბარი. ბოლო ფაზაში ყოველთვის რაღაც გვაკლდა.
- საყვარელი კალათბურთელები? ვიქტორ სანიკიძე, ლებრონ ჯეიმსი.
- საყვარელი ფილმი? არცერთი გამორჩეულად.
- საყვარელი ფერი? ნაცრისფერი.
- საყვარელი ნაწარმოები? მებრძოლთა კლუბი.
მადლობას ვუხდით ინტერვიუს ჩასაწერად საუკეთესო გარემოსთვის ბარს „8“ და მის მფლობელს, კალათბურთის დიდ გულშემატკივარს ზურაბ ჩიტაიას.
#ჩვენვართდელტა