კალათბურთი

17:20 | 8.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიგა ჯანელიძე: “საოცარი უიღბლობა შემემთხვა, თუმცა, უფრო ძლიერი დავბრუნდები”

23 წლის ქართველ კალათბურთელ გიგა ჯანელიძეს დიდი უიღბლობა შეემთხვა. ჩვენებური “ალმა ტრიესტეს” შემადგენლობაში იტალიის სერია ა-ში პირველი სეზონის ჩასატარებლად ემზადებოდა და ისე მოხდა, რომ სასტარტო ტურში “ვირტუს ბოლონიასთან” მატჩში სასტარტო ხუთეულში მოხვდა. ცხადია, ქართველი ფორვარდი მოედანზე უდიდესი მოტივაციით გავიდა, თუმცა, ოთხიოდ წუთის თავზე მოხსნისთვის ბრძოლის დროს ფეხი გადაიბრუნა და მოედნიდან მხოლოდ თანაგუნდელთა დახმარებით გავიდა... უშუალოდ მატჩი ტრიესტელებმა დაძაბულ ბრძოლაში 88:92 წააგეს, ჯანელიძეს კი ტრიესტეში შევეხმიანეთ და სიტუაციაში გარკვევა ვთხოვეთ.

- რა უნდა ვთქვა? საოცარი უიღბლობა შემემთხვა. სერია ა-ში პირველ მატჩს ვატარებდი, მწვრთნელმა სასტარტო ხუთეულში დამაყენა და უკვე მე-4 წუთზე მძიმე ტრავმა მივიღე...
- რა სიტუაციაში დაშავდი?
- შეტევაში მოხსნას ვცდილობდი, როდესაც მეტოქეს, კონკრეტულად კი, ამატ მ’ბაიეს ფეხზე დავახტი და საშინელი ტკივილი ვიგრძენი. ისეთი მძიმე სიტუაცია იყო, თავიდან ყველას მუხლის ტრავმა ეგონა. საბედნიეროდ, ამას გადავურჩი, თუმცა, მოედანი მხოლოდ თანაგუნდელთა დახმარებით დავტოვე.
- და ექიმები რას ამბობენ?
- სურათი ჯერ არ გადამიღია. კოჭი ცოტა რომ ჩაცხრება, ზუსტი ვითარება გვეცოდინება. თუკი მხოლოდ ფეხის გადატრიალებით გადავრჩი და მყესები გაწყვეტილი არაა, უკეთეს ვარიანტში 15 დღეში მოედანზე გასვლა უნდა შევძლო.
- ძალიან დასანანია. სასტარტო ხუთეულში გამოჩენა იმას ნიშნავდა, რომ ბოლონიელებთან მატჩში საკმაო სათამაშო დრო უნდა გქონოდა...
- კი, ასე იყო. ვვარაუდობდი, რომ დაახლოებოთ 35 წუთი უნდა მეთამაშა. ისე გამოვიდა, რომ ამ მატჩისთვის მძიმე ფორვარდებიდან მწყობრში მარტო მე ვიყავი. იგივე ხორვატი ჰრვოე პერიჩიც არ იყო მზად. ჩემი ტრავმის მერე კი, გუნდი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და 4 ნომერზე თამაში მსუბუქ ფორვარდებს მოუწიათ. ცხადია, ეს შეხვედრის მიმდინარეობაზეც აისახა.
- არადა, მატჩი მაინც დაძაბული გამოვიდა. მე-3 მეოთხედის თავზე საყაიმო ანგარიში იყო და ფავორიტად შერაცხულმა მეტოქემ მხოლო ბოლო წუთებისკენ გაჯობათ...
- მართალი გითხრათ, მატჩის ყურება მხოლოდ შინ დაბრუნების მერე შევძელი. ისეთი ტკივილი მქონდა, რომ ყინულის აპარატს უბრალოდ ვერ ვცილდებოდი. ბიჭებმა კი მართლაც მაგრად ითამაშეს, მაგრამ დაცვაში გაგვიჭირდა, განსაკუთრებით ბოლო წუთებში, როდესაც 3 კალათბურთელი 5 პერსონალური ფოლის გამო გამოგვაკლდა. ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ მოედანზე გასვლა ახალგაზრდა, გამოუცდელ კალათბურთელებს მოუწიათ...
ამას დაუმატეთ, რომ ტრავმების გამო კრის რაიტი და პერიჩიც არ იყვნენ, მეც დავშავდი და “ვირტუსს” ბოლომდე ვეღარ “გავუქაჩეთ”. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბოლონიელებს ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ და ჩვენთან ფავორიტებად მოიაზრებოდნენ. ბოლო-ბოლო, იგივე მ’ბაიე, პიეტრო არადორი და ფილიპო ბალდი როსი ნაკრების მოთამაშეები არიან.
- “ვირტუსის” მხრიდან ყველაზე მეტად კევინ პუნტერს შეუწუხებიხართ. რა მოთამაშეა?
- ამერიკელი უკანახაზელია. 29 ქულა ჩააგდო და მატჩის გმირი გახდა. მისი თამაში პირველად ვნახე, ის კი ვიცი, რომ გასულ სეზონში საბერძნეთში თამაშობდა.
- მოკლედ, ორ-სამ დღეში ტრავმის თაობაზე ყველაფერი ზუსტად გეცოდინება...
- კი და დიდი იმედი მაქვს, სერიოზული არაფერი იქნება. ძალიან განვიცადე, მაგრამ არა უშავს. სპორტში ტრავმისგან დაზღვეული არავინაა. ვეცდები, უფრო ძლიერი დავბრუნდე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.243392