ფეხბურთი

10:25 | 6.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

"თქვენ ირჩევთ" - სექტემბრის თვის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი

“თქვენ ირჩევთ” – WORLDSPORT.GE-ს ტრადიციული, ყოველთვიური გამოკითხვა გრძელდება. შეგახსენებთ, ჩვენი ვებგვერდი აღნიშნულ გამოკითხვას 2016 წლის სექტემბრიდან მოყოლებული გთავაზობთ.

სანამ ნომინანტებზე ვიტყოდეთ, წესებს შეგახსენებთ, რომელიც უცვლელია: ჩვენი მკითხველი თვის საუკეთესო ფეხბურთელს ირჩევს. გამოკითხვა, როგორც აქამდე, ჩვენს ვებგვერდზე მომდევნო სამი დღის განმავლობაში განთავსდება და ხმის მიცემა ნებისმიერ ადამიანს შეეძლება. თუმცა, მხოლოდ ერთხელ, ერთ სასურველ კანდიდატზე.

ბოლოს გამარჯვებული ვაკო ყაზაიშვილი გახდა, რომელმაც ხმების თითქმის ნახევარი, 46.3% მიიღო. ვაკო ამჯერადაც არის ნომინანტთა შორის, თუმცა მანამდე შეგახსენებთ, "თქვენ ირჩევთ" ყველა გამარჯვებულს:

ჯანო ანანიძე (სექტემბერი 2016 წელი), ვაკო გვილია (ოქტომბერი), თორნიკე ოქრიაშვილი (ნოემბერი), ლევან მჭედლიძე (დეკემბერი), ლევან მჭედლიძე (იანვარი 2017 წელი), გიორგი მაკარიძე (თებერვალი), ჯანო ანანიძე (მარტი), გურამ კაშია (აპრილი), გრიგოლ დოლიძე (მაისი), სოლომონ კვირკველია (სექტემბერი), სოლომონ კვირკველია (ოქტომბერი), როინ კვასხვაძე (ნოემბერი), სოლომონ კვირკველია (დეკემბერი), გიორგი ჩაკვეტაძე (თებერვალი, 2018 წელი), ვაკო ყაზაიშვილი (მარტი), საბა ლობჟანიძე (აპრილი), გიორგი პაპუნაშვილი (მაისი) და ვაკო ყაზაიშვილი (აგვისტო).

ახლა კი, 2018-2019 წლების სეზონის მეორე ნომინაციაზე და სექტემბრის თვის ნომინანტებზე გადავიდეთ. მიუხედავად იმისა, რომ სანაკრებო, თანაც წარმატებული მატჩები იყო, მხოლოდ ოთხი კანდიდატი გვყავს. ჩვენი არჩევანი ასეთია და სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელს "თქვენ ირჩევთ"...

გიორგი ჩაკვეტაძე („გენტი“, ბელგია) - გიორგიმ სექტემბერში 7 თამაში ჩაატარა. „გენტში“ 2 საგოლე პასით გამოირჩა და ორივე ბელგიის თასზე „ვირტონთან“ გაახერხა. თუმცა, ჩვენ მაინც საქართველოს ნაკრებში გარჯისთვის გამოვარჩიეთ. ყაზახეთთან ფანტასტიკური გოლი გაიტანა! საერთოდაც, სამივე გოლში, რომელიც „ჯვაროსნებმა“ სექტემბერში გაიტანეს, ლომის წილი დაიდო. ერთი თავად გაიტანა (ერთა ლიგის ისტორიაში პირველი გოლის ავტორიც შეიქნა), მეორე საგოლე შეტევა წამოიწყო და მესამე გოლის ეპიზოდში პენალტი გამოიმუშავა.

ლუკა ზარანდია („არკა“, პოლონეთი) - ბოლო პერიოდში მისი პროგრესი თვალშისაცემია და აგერ, ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს. ლუკამ სექტემბერში, „არკას“ რიგებში 4-ჯერ ითამაშა, გოლი გაიტანა და საგოლე პასიც მიითვალა. მთავარი მწვრთნელი კი აღაფრთოვანა და კომპლიმენტები უძღვნა - მოედანზე ქართულ ცეკვას ასრულებსო. გარდა ამისა, საქართველოს 21 წლამდე ნაკრებში მალტასთან სპარინგში დუბლი გაიფორმა და ორი საგოლე პასიც გააკეთა.

ვაკო ყაზაიშვილი („სან ხოსე“, აშშ) - ვაკომ სექტემბერში „სან ხოსეს“ მაისურით 6, ხოლო საქართველოს ნაკრებში 2 თამაში ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. განსაკუთრებით გამოსარჩევია 20 სექტემბერს, „ატლანტას“ კარში გატანილი გოლი, რომელიც ნამდვილად შედევრი გამოდგა.

ჯაბა კანკავა („ტობოლი“, ყაზახეთი) - საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გასულ თვეში ჯამში 6 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. „ტობოლმა“ „აკჟაიკი“ სწორედ ჩვენებურის გოლით დაამარცხა (1:0). ჯაბა საქართველოს ნაკრების მაისურითაც ბოლომდე დაიხარჯა და კარგი შეხვედრები ჩაატარა.

0.133156