ჭადრაკი

0:58 | 6.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ჩინელების ტრიუმფით დასრულდა
ქართველ მოჭადრაკე ქალებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

ბათუმში დასრულდა 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა. ბოლო, მეთერთმეტე ტურში საქართველოს მოჭადრაკე ქალთა პირველი ნაკრების მეტოქე სომხეთის გუნდი იყო. ჩვენს გუნდს უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა ჰქონდა - იმისათვის, რომ მესამე საპრიზო ადგილზე გასულიყო, აუცილებლად უნდა მოეგო ეს შეხვედრა, თუმცა მხოლოდ ეს არ იყო საკმარისი. საქართველოს ნაკრების ბედი სხვა გუნდების შედეგებზეც იყო დამოკიდებული. არსებობდა მხოლოდ ერთი თეორიული შანსი: კერძოდ, ბოლო ტურში რუს მოჭადრაკეებს არ უნდა მოეგოთ ჩინელებისთვის, ხოლო აშშ-უკრაინის შეხვედრა ფრედ არ უნდა დასრულებულიყო.

ქართველმა მოჭადრაკე ქალებმა სომხეთის გუნდთან დამაჯერებლად ითამაშეს და მეტოქე 3:1 დაამარცხეს. ნანა ძაგნიძემ (2509) ელინა დანიელიანს (2409) მოუგო. ლელა ჯავახიშვილმა (2475) - ლილიტ მკრტიჩიანს (2384). ნინო ბაციაშვილი (2482) - ანა სარგსიანი (2331) და ბელა ხოტენაშვილი (2469) - სირანუშ გუკასიანი (2205) დაზავდნენ.

მას შემდეგ, რაც უკრაინის ნაკრებმა აშშ-ს გუნდის დამარცხება მოახერხა (3:1), ზემოთ ნახენები თეორია უკვე გამყარდა. ყველაფერი წყდებოდა რუსეთი-ჩინეთის შეხვედრაში. რუსები 2:1-ს იგებდნენ და მთელი ყურადღება პირველი დაფისკენ იყო მიპყრობილი, სადაც ვენჟუნ ჟუ ალექსანდრა კოსტენიუკს შავი ფიგურებით ეთამაშებოდა. ჩინელმა დაძაბული პარტია მოიგო და საბოლოოდ, გუნდებს შორის ფრე - 2-2 დაფიქსირდა, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ ჩინელებმა და უკრაინელებმა თანაბარი ქულები დააგროვეს (18-18) და ჩემპიონის ვინაობას კოეფიციენტი დაადგენდა, ამ მომენტისათვის ერთი რამ უკვე ცნობილი გახდა - 17 ქულით მესამეზე საპრიზო ადგილზე საქართველოს ქალთა პირველი ნაკრები გავიდა! შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადაზე ჩვენი პირველი გუნდის ღირსებას იცავდნენ: ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი და მერი არაბიძე. კაპიტანი ელიზბარ უბილავა გახლდათ.

კოეფიციენტმა გაარკვია ჩემპიონის ვინაობა - პირველი ადგილი ჩინელმა მოჭადრაკე ქალებმა (ვენიუნ ჟუ, ტინგიე ლეი, იანგ შენი, ქიან ჰუანგი, მო ჟაი, კაპიტანი - შაოტენგ იუ) დაიკავეს.ხოლო უკრაინელებს (ანა მუზიჩუკი, მარია მუზიჩუკი, ანა უშენინა, ლულია ოსმაკი, ნატალია ჟუკოვა. კაპიტანი - მიხაილ ბროდსკი) მეორე ადგილი მიეკუთვნა.

ჩვენმა მეორე ნაკრებმა 2,5:1,5 დაამარცხა ჩეხეთის გუნდი, დააგროვა 16 ქულა და კოეფიციენტის გათვალისწინებით მე-9 ადგილი დაიკავა. რაც სასიამოვნო სიურპრიზია.

ხოლო ჩვენი მესამე გუნდი ირანის ქალთა ნაკრებთან 1:3 დამარცხდა და 41-ე ადგილზე გავიდა.

ბოლო ტურში საქართველოს ვაჟთა პირველი ნაკრებმა ესპანეთის გუნდთან ფრედ 2:2 დაასრულა შეხვედრა. ოთხივე პარტია ყაიმით დასრულდა. სამწუხაროდ, ჩვენი მოჭადრაკე ვაჟები ათეულშიც ვერ მოხვდნენ - 14 ქულით 28-ე ადგილი დაიკავეს.

მეორე ნაკრებმა - ირანის ნაკრებთან წააგო 1,5:2,5 და 43-ე ადგილზე გავიდა. ხოლო მესამე გუნდმა ასეთივე ანგარიშით, სინგაპურის გუნდს სძლია და 51-ე საფეხურზე დაასრულა ასპარეზობა.

ჩემპიონის ბედი აშშ-სა და ჩინეთის ნაკრებთა შეხვედრაში გადაწყდა. ფრედ - 2:2 დასრულდა ეს დაპირისპირება. ასეთივე ანგარიში დაფიქსირდა ინდოეთი-პოლონეთის მატჩში. რუსებმა 2,5:1,5 სძლიეს ფრანგებს. საბოლოოდ 18-18 ქულა მოაგროვეს ჩინეთის, აშშ-სა და რუსეთის გუნდებმა. ამ შემთხვევაშიც კოეფიციენტი „ამუშავდა“ და ჩემპიონის ტიტული ჩინელებმა დაისაკუთრეს (ლირენ დინგი, იანგუი იუ, უი ვეი, ჩაო ლი, ხიანძი ბუ. კაპიტანი - იუნ ხუ),

მეორეზე აშშ-ს გუნდი (ფაბიანო კარუანა, უესლი სოუ, ჰიკარუ ნაკამურა, სამუელს შანკლანდი, რეი რობსონი), ხოლო მესამეზე - რუსეთის ნაკრები (ვლადიმირ კრამნიკი, სერგეი კარასინი, იან ნეპომნიაშჩი, დმიტრი იაკოვენკო, ნიკიტა ვიტიუგოვი. კაპიტანი -ანდრეი ფილატოვი) გავიდა.

ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალი ბათუმის მუსიკალურ ცენტრში მოეწყო, სადაც დააჯილდოვეს გამარჯვებულები და პრიზიორები. ნონა გაფრინდაშვილის საპატიო თასი (რომელიც იმ ქვეყანას გადაეცემა, რომლის ქალთა და ვაჟთა გუნდები ჯამში ყველაზე მეტ ქულას დააგროვებენ) ჩინელებს გადაეცათ. გარდა ამისა, პრიზებით დაასაჩუქრეს დაფებზე საუკეთესო მოთამაშეები და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები.

თენგიზ ჩობანიძე, სპეციალურად worldsport.ge-ისთვის ბათუმიდან

0.680217