ჭადრაკი

17:25 | 5.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს მოჭადრაკე ქალებმა ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს!

ბოლო, მეთერთმეტე ტურში საქართველოს მოჭადრაკე ქალთა პირველი ნაკრები სომხეთის გუნდს დაუპირისპირდა. ჩვენს გუნდს უკან დასახევი გზა არ ჰქონდა - აუცილებლად უნდა მოეგო ეს შეხვედრა, თუმცა საპრიზო ადგილზე გასვლა სხვა გუნდების შედეგებზეც იყო დამოკიდებული, კერძოდ, რუს მოჭადრაკეებს არ უნდა მოეგოთ ჩინელებისთვის, ხოლო აშშ-უკრაინის შეხვედრა ფრედ არ უნდა დასრულებულიყო.

ნანა ძაგნიძემ (2509) ელინა დანიელიანს (2409) მოუგო. ლელა ჯავახიშვილმა (2475) - ლილიტ მკრტიჩიანს (2384).

ნინო ბაციაშვილი (2482) - ანა სარგსიანი (2331) და ბელა ხოტენაშვილი (2469) - სურანუშ გუკასიანი (2205) დაზავდნენ. საბოლოოდ, საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა 3:1 იმარჯვა.

მეორე ნაკრებმა 2,5:1,5 დაამარცხა ჩეხეთის გუნდი.

ხოლო ჩვენი მესამე გუნდი ირანის ქალთა ნაკრებთან 1:3 დამარცხდა.

ცენტრალური შეხვედრა გაიმართა რუსეთისა და ჩინეთის ნაკრებებს შორის. რუსები 2:1-ს იგებდნენ და მთელი ყურადღება პირველი დაფისკენ იყო მიპყრობილი, სადაც ვენჟუნ ჟუ ალექსანდრა კოსტენიუკს შავი ფიგურებით ეთამაშებოდა. ჩინელმა დაძაბული პარტია მოიგო და საბოლოოდ გუნდებს შორის ფრე - 2-2 დაფიქსირდა, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ ჩინელებმა და უკრაინელებმა თანაბარი ქულები გაიყვეს და ჩემპიონის ვინაობა კოეფიციენტმა დაადგინა - ჩინეთი პირველ ადგილზე გავიდა, უკრაინა - მეორეზე. მესამეზე საპრიზო ადგილზე კი საქართველოს ქალთა პირველი ნაკრები გავიდა.

უკრაინელებმა აშშ-ს გუნდს აჯობეს 3:1.

პოლონეთი-ესპანეთის შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

ბოლო ტურში საქართველოს ვაჟთა პირველი ნაკრებმა ესპანეთის გუნდთან ფრედ 2:2 დაასრულა შეხვედრა. ოთხივე პარტია ყაიმით დასრულდა.

მეორე ნაკრებმა - ირანის ნაკრებთან წააგო 1,5:2,5, ხოლო მესამე გუნდმა ასეთივე ანგარიშით, სინგაპურის გუნდს სძლია.

ჩემპიონის ბედი აშშ-სა და ჩინეთის ნაკრებთა შეხვედრაში გადაწყდა. ეს დაპირისპირება ფრედ - 2:2 დასრულდა. ასეთივე ანგარიში დაფიქსირდა ინდოეთი-პოლონეთის მატჩში. რუსებმა 2,5:1,5 სძლიეს ფრანგებს. საბოლოოდ, ჩინეთმა, აშშ-მა და რუსეთმა 18-18 ქულა დააგროვეს, დამატებითი მაჩვენებლებით კი, ადგილები ასე გადანაწილდა: 1. ჩინეთი, 2. აშშ, 3. რუსეთი.

სრულ მიმოხილვას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

თენგიზ ჩობანიძე, სპეციალურად worldsport.ge-ისთვის ბათუმიდან

0.115255