ცნობილმა საკალათბურთო პორტალმა Eurobasket.com სერბული “მეგა ბემაქსის” 19 წლის ქართველი ცენტრი ადრიატიკის ლიგის პირველი ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტურნირის საწყის შეხვედრაში “მეგა ბემაქსმა” ბოსნია-ჰერცეგოვინაში ადგილობრივ “იგოკეას” 80:79 სძლია, საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა კი წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.
გოგამ მოედანზე 31:10 წუთი გაატარა და 24 ქულა, 12 მოხსნა (4 შეტევაში), 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ბითაძემ 11-დან 8 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 5-ჯერ დაირღვა.
შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 29-ს გაუტოლდა, რაც აღიარებისთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა. აი, რას ვკითხულობთ Eurobasket.com-ზე.
“19 წლის ცენტრ გოგა ბითაძე საოცარი საღამო ჰქონდა. მისი ორმაგი დუბლის წყალობით, “მეგა ბემაქსმა” სტუმრად იმარჯვა და ამჟამად, სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა. ბითაძე “მეგა ბემაქსში” მხოლოდ მე-2 სეზონს ატარებს, თუმცა, სერბული გუნდის მის გარეშე წარმოდგენა უკვე შეუძლებელია.
გოგას ჩინებული სტატისტიკა აქვს. პირველი ტურის შედეგებით, ბითაძე მეოთხეა ქულებში და მეორე – მოხსნებში, ამასთან 72.6%-ანი მაჩვენებელი აქვს თამაშიდან შეტევის დროს და 66.7% - სამქულიანებში”.
საინტერესოა, რომ ადრიატიკის ლიგის ვებ-გვერდმა პირველი ტურის MVP-ს ტიტული სერბული ფმპ-ს წევრ დრაგან აპიჩს მიანიჭა, რომელმაც ხორვატულ “ზადართან” მოგებულ შეხვედრაში (99:86) 29 ქულა ჩააგდო. მე-2 ტურში, რომელიც სტარტს 6 ოქტომბერს აიღებს, “მეგა ბემაქსი” სწორედ ფმპ-ს დაუხვდება.
და ერთიც. ადრიატიკის ლიგის Fantasy-ში გოგა ბითაძე რჩეულთა შორის მოხვდა და იმ მოთამაშეებს, რომელთაც ქართველი კალათბურთელი გუნდში ჰყავდათ აყვანილი, დიდ სარგებელს მოუტანდა.