ინგლისური „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში, „ბარსელონასთან“ შეხვედრის წინ, თავის ფეხბურთელებს უთხრა, რომ არ შეეშინდეთ ლიონელ მესის. პირიქით, სიამოვნება მიიღონ მასთან შეხვედრით: „არ ვაპირებ მესის წინააღმდეგ რაიმე განსაკუთრებულის მოფიქრებას, რადგან მისი შეჩერება შეუძლებელია. პირიქით, ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი: ისიამოვნეთ მესისთან შეხვედრით, რადგან შანსი მოგეცათ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშის წინააღმდეგ ითამაშოთ. ასეთი ამბავი უნდა გახარებდეთ. მატჩის შემდეგ შეგიძლიათ თქვათ - მესის წინააღმდეგ მითამაშიაო. მერე კი ამ ამბავს შვილებს და შვილიშვილებს მოუყვებით.
ზოგჯერ ჩემი შვილები მეუბნებიან: შენ მარადონასთან ერთად თამაშობდიო და ამაყობენ ამით.“ - ამბობს პოჩეტინო.
„ტოტენჰემი“ – „ბარსელონა“ 3 იქტომბერს, ლეგენდარულ „უემბლიზე“ გაიმართება და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.