სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

0:10 | 2.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლამაზი გოლები და თითო ქულა: ლიდერმა ვერ მოიგო

საქართველოს ეროვნული ლიგის 27-ე ტურში „საბურთალომ“ თბილისის „დინამოს“ მარცხით ნაწილობრივ ვერ ისარგებლა. მართალია, წინა ტურთან შედარებით, ახლა სხვაობა ერთი ქულით გაიზარდა, მაგრამ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის აქტივში დღევანდელ თამაშს ვერ შევიტანთ.

„საბურთალო“ გათამაშების ერთ-ერთ გამოკვეთილ აუტსაიდერ „სამტრედიას“ მასპინძლობდა და ბუნებრივია, აშკარა ფავორიტიც იყო, მაგრამ ფეხბურთი სწორედ იმითაა მიმზიდველი, რომ ყოველთვის ფავორიტები ვერ იმარჯვებენ. ახლაც ასე მოხდა - „საბურთალომ“ მოულოდნელი ორი ქულა დაკარგა და ვინძლო, ძვირადაც დაუჯდეს.

ისე კი, ორი გოლი გავიდა და ორივე ძალიან მაგარი. ისეთი, ნებისმიერი რანგის შეხვედრას რომ დაამშვენებდა. ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს საჯარიმო დარტყმების სპეციალისტმა, ვაგნერ გონსალეშმა გახსნა. 25 მეტრიდან ჩინებულად დაარტყა და იმერელთა კარის დარაჯმა რეაგირებაც ვერ მოასწრო. ტაიმიც ასე დასრულდა, მაგრამ მეორე ნახევრის სტარტზე „სამტრედიამ“ გაათანაბრა.

ეს კიდევ უფრო ლამაზი გოლი იყო: გორელიშვილმა ქუსლით ოლეგ მამასახლისს დაუტოვა, რომელმაც შორი დისტანციიდან ერთი შეხებით ისეთი გაისროლა, თქვენგან მოწონებული... მიუხედავად იმისა, რომ თამაშის დასრულებამდე საკმაო ხანი იყო დარჩენილი, არაფერი შეცვლილა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. ფრე ალბათ, უფრო „სამტრედიას“ დააკმაყოფილებდა, მაგრამ იმერელთა ვითარება ისევ მძიმეა. აი, „საბურთალომ“ „დინამოსთან“ უპირატესობა 5 ქულამდე კი გაზარდა, მაგრამ კონკურენტს 1 თამაში ისევ მარაგში აქვს.

მეორე შეხვედრა თბილისში შედგა, სადაც „სიონმა“ „ჩიხურას“ უმასპინძლა და უქულოდ დარჩა. იმერლებმა ბუღრიძისა და კახაბრიშვილის გოლებით წაიყვანეს ანგარიში და სასურველი შედეგის მიღწევა აღარ გასჭირვებიათ.

27-ე ტური სამშაბათს, „რუსთავისა“ და „ლოკომოტივის“ მატჩით დასრულდება.

„სიონი“ – „ჩიხურა“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ბუღრიძე (35), 0:2 კახაბრიშვილი (70), 1:2 ლეჟავა (73)

„საბურთალო“ – „სამტრედია“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ვაგნერი (41), 1:1 მამასახლისი (50)

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.123187