ჭადრაკი

16:07 | 1.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ აზმაიფარაშვილი: "ამაყი ვარ - ჩვენმა გუნდმა ერთიანი ძალებით შეძლო ამ ფორუმისთვის წარმატებით ემასპინძლა"

თავდაპირველად მინდა, აღვნიშნო - გულწრფელად ბედნიერი ვარ!

ბათუმთან საუკეთესო მოგონებები მაკავშირებს, ეს არის ქალაქი, რომელშიც 1973 წელს შევაბიჯე, როგორც პროფესიონალმა მოჭადრაკემ, როცა საქართველოს ჩემპიონატში გავიმარჯვე. ეს ამბავი აგერ უკვე ნახევარ საუკუნეს ითვლის. იმ დროს ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს პატარა, ზღვისპირა ქალაქი მასშტაბურ და გრანდიოზულ ღონისძიებას - 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლებდა.

საერთაშორისო მაღალი დონის შეჯიბრებების ბათუმში გამართვის ტრადიციას საფუძველი ორი ათეული წლის წინ ჩაეყარა. აქ ჩატარებული ტურნირებიდან გამოვყოფდი მაღალი დონის და სრულიად უნიკალურ მატჩს ევროპასა და აზიას შორის, სადაც არაერთი ვარსკვლავი მონაწილეობდა, მათ შორის, მეცამეტე მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში გარი კასპაროვი. ამ ქალაქთან ასოცირდება არა მხოლოდ ჩემი სპორტული კარიერის დასაწყისი, არამედ ჩემი საქმიანობაც ორგანიზატორის ამპლუაში. 19 წლის წინ, 1999 წელს, მაშინ, როდესაც ბათუმის იერსახე რადიკალურად განსხვავდებოდა დღევანდელისგან და ქალაქში, ფაქტობრივად, არ არსებობდა არც ერთი თანამედროვე და ბრენდული სასტუმრო - წარმოუდგენელიც კი იყო ის, რაც იმხანად შევძელით - გაგვემართა ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, როგორიცაა ევროპის გუნდური ჩემპიონატი. 1999 წელს, სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის, აშენდა ბათუმის ჭადრაკის სასახლე. დღეს კი ისტორია მეორდება - 2018 წელს სწორედ ოლიმპიადისთვის აღიმართა შენობა, სადაც მსოფლიოს, პრაქტიკულად, ყველა ქვეყნის მოჭადრაკეთა გუნდები ერთმანეთს ეპაექრებიან.

2013 წელს ვიყავი იმ სპორტული და საჭადრაკო საზოგადოების ნაწილი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, მსოფლიო საჭადრაკო ფორუმზე ოლიმპიადის ბათუმში ჩატარების წინადადებით წარმდგარიყო. უნდა აღინიშნოს საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული წვლილი, რომელმაც მესვეურების ინიციატივას მხარი დაუჭირა. არასდროს დამავიწყდება ის წუთები, როდესაც შედეგები გამოცხადდა - 93 ხმით 58-ის წინააღმდეგ საქართველომ ბათუმში ოლიმპიადის ჩატარების უფლება მოიპოვა. გულწრფელად გეტყვით, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მეტიც, უცნაურია, მაგრამ მაშინ გაცილებით ბედნიერი ვიყავი, ვიდრე იმ დღეს, როდესაც ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტად ამირჩიეს.

გამარჯვება არა მხოლოდ დიდი სიხარულის, არამედ უდიდესი პასუხისმგებლობის საწინდარიც აღმოჩნდა. ძალიან კარგად გვესმოდა, რომ საქართველო არ არის ფინანსურად იმდენად ძლიერი ქვეყანა, ამგვარ უპრეცედენტოდ მასშტაბურ ღონისძიებას სიძნელეებისა და ბარიერების გარეშე უმასპინძლოს. თუმცა, დღეს ამაყი ვარ - ჩვენმა გუნდმა ერთიანი ძალებით შეძლო ამ ფორუმისთვის წარმატებით ემასპინძლა.

საქართველომ საჭადრაკო ოლიმპიადის ისტორიაში ქვეყნების მონაწილეთა რაოდენობრივი რეკორდი მოხსნა, ბათუმს 180 ქვეყნის წარმომადგენელი ეწვია. გვჯერა, თითოეულ სტუმარს, მოთამაშეს, დელეგატს, ხელმძღვანელს, მოჭადრაკესა თუ უბრალო მოყვარულს ოლიმპიადის დასრულების შემდეგ გაჰყვება ის მოგონებები, რომელიც მას არაერთხელ გაუჩენს სურვილს, ისევ დაუბრუნდეს საქართველოს.

ზურაბ აზმაიფარაშვილი

ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი

"2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის“ დირექტორი

0.106157