ბათუმში, ოლიმპიური დარბაზში ჩატარდა საქართველოს რეგიონული გუნდური ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში 10,12,14 და 16 წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა შორის. მასში მონაწილეობდნენ გუნდები საქართველოს 12 რეგიონიდან: თბილისიდან, კახეთიდან, ქვემო ქართლიდან, მცხეთა-თიანეთიდან, შიდა ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთიდან, იმერეთიდან, გურიიდან, სამეგრელოდ-ზემო სვანეთიდან, აჭარიდან და აფხაზეთიდან. თითოეული გუნდი 4 ბიჭისა და 4 გოგონასაგან შედგებოდა. დაფებზე გუნდების წევრები შემდეგნაირი წესით იყვნენ წარმოდგენილნი: პირველი და მეორე დაფა 16 წლამდე ასაკის ბიჭსა და გოგონას ეკავა, მესამე-მეოთხე დაფები - 14 წლამდე ბიჭსა და გოგონას, მეხუთე-მეექვსე დაფები - 12 წლამდე ბიჭსა და გოგონას, ხოლო მეშვიდე-მერვე დაფები - 10 წლამდე ბიჭსა და გოგონას. ტურნირი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად ჩატარდა. დებულების თანახმად, თითოეულ მონაწილეს პარტიის დასრულებამდე 15 წუთი ეძლეოდათ, ყოველ სვლაზე 10 წამის დამატებით. თითოეულ გუნდს გამარჯვებისათვის 2 ქულა ერიცხებოდა, ხოლო ფრედ დასრულებისათვის - 1 ქულა.
წარმატებით ითამაშა თბილისის ნაკრებმა, რომელმაც ყველა (11) შეხვედრა მოიგო და 22 ქულით ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამ გუნდის შემადგენლობაში გამოდიოდნენ შოთა ხოდაშნელი, ანასტასია სიდამონიძე, საბა ლომსაძე, ანა მამარდაშვილი, დავით გოცირიძე, მარიამ დოლაქიძე, დავით ლომთაძე, მარიამ გვათუა. გუნდის კაპიტანი გახლდათ ზაზა ჭკუასელი.
19-19 ქულით მეორე-მესამე გილებზე გავიდნენ სამეგრელო-ზემოს სვანეთისა (გიორგი ნაყოფია, მაია ბეჭვაია, აკაკი ყალიჩავა, ელენე წოწონავა, თეიმურაზ კვირკვინია, ლიზი ფოჩხუა, კახაბერ კიზირია, ანა სანიკიძე, კაპიტანი - დიმიტრი კვარაცხელია) და იმერეთის (დავით ცქიფურიშვილი, ნია დონგვანი, ჯაბა ადამია, ელენე გიორგაძე, ლადო მაღლაკელიძე, ბარბარე ცირეკიძე, დავით ნემსაძე, ანასტასია კირთაძე, კაპიტანი - ზაზაალომინაძე) ნაკრებები, უკეთესი კოეფიციენტის წყალობით, მეორე საპრიზო ადგილი სამეგრელო-ზემოსვანეთის გუნდს ხვდა წილად.
პირად შედეგებს რაც შეეხება, პირველ დაფაზე საუკეთესო იყო გიგა გოდერძიშვილი (შიდა ქართლი), რომელმაც 8,5 ქულა მოაგროვა 11 შესაძლებლიდან. მეორე დაფაზე აბსოლუტური შედეგით (11 ქულა 11-დან) ანასტასია სიდამონიძემ გაიმარჯვა. მესამე დაფაზე 10 ქულით საუკეთესო იყო საბა ლომსაძე (თბილისი), მეოთხე დაფაზე 8,5-8,5 ქულა მოაგროვეს ანა მამარდაშვილმა (თბილისი) და ელენე წოწონავამ (სამეგრელო-ზემო სვანეთი), თუმცა მათი ურთიერთშეხვედრა მამარდაშვილმა მოიგო, დანარჩენ დაფებზე იმარჯვეს: მეხუთე დაფა: ლადო მაღლაკელიძე (იმერეთი) - 10 ქულა, მეექვსე დაფა: მარიამ ჩხაიძე (გურია) – 9, მეშვიდე დაფა: დავით ლომთაძე (თბილისი) – 11, მერვე დაფა - მარიამ გვათუა (თბილისი) – 10,5 ქულა.
I, II და III ადგილებზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ: თასებით, მედლებით და დიპლომებით. ასევე გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ ჭადრაკები და ელექტრონული საათები.
„ეს იყო, მართლაც საინტერესო ტურნირი, რომელშიც უძლიერესმა გუნდებმა მოიყარეს თავი. შედეგებით ძალიან კმაყოფილი ვარ - ჩვენმა გავიმარჯვეთ. გარდა ამისა, ჩვენი გუნდის ხუთმა წევრმა პირად დაფებზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს. შეჯიბრების ასეთ მაღალ დონეზე ჩატარებისათვის, დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ხელმღვანელობას, კერძოდ, ფედერაციის პრეზიდენტს გიორგი გიორგაძეს. ამაღლებული განწყობით ვტოვებთ ულამაზეს ბათუმს“ - განუცხადა worldsport.ge-ს თბილისის ნაკრების კაპიტანმა ზაზა ჭკუასელმა.
ტურნირზე მონაწილე გუნდების განთავსება სასტუმროში და კვების ხარჯები საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ გაიღო.
თენგიზ ჩობანიძე, სპეციალურად worldsport.ge-ისთვის ბათუმიდან