ფეხბურთი

12:57 | 29.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია: "ლოკომოტივს" მხოლოდ სერიოზული გუნდის გამო დავტოვებ"
"ჩემი ოცნებაა, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშო"

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ მცველი სოლომონ კვირკველია რუსულ გუნდს მხოლოდ სერიოზული წინადადებისა და დაინტერესების შემთხვევაში დატოვებს. ამის შესახებ 26 წლის ფეხბურთელმა „რკინიგზელთა“ ვებგვერდისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში განაცხადა.

კვირკველიამ სხვა და სხვა საკითხებზე ისაუბრა. მათ შორის, „ლესტერის“ დაინტერესებაზე, ჩემპიონთა ლიგაზე და საქართველოს ნაკრებზეც.

ჩემპიონთა ლიგა

"აქამდე მხოლოდ საკვალიფიკაციო ეტაპზე მქონდა ნათამაშები, როდესაც სიომინის კიევის „დინამო“ დავამარცხეთ, მაგრამ შემდეგ „ლიონთან“ წავაგეთ. ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია, რომელიც ყველა გუნდისთვის მნიშვნელოვანია. თუ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობ, ე.ი კარგ გუნდში ირიცხები. როდესაც ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი მოვისმინე, გაოცებული ვიყავი, ტირილამდე ცოტა დამაკლდა. ეს ნამდვილი ოცნებაა, მაგრამ ახლა სხვა ოცნება მაქვს - ჯგუფიდან უნდა გავიდეთ“.

ცუდი სტარტი ჩემპიონატში

„ჯერ არაფერი დასრულებულა. ბევრ რამეს ამბობენ და შარშანაც საუბრობდნენ. მაგრამ სეზონის დასაწყისში ვთქვი, რომ მინდოდა ჩემპიონები გავმხდარიყავით. არავის სჯეროდა ჩემი, მაგრამ ამის გაკეთება მოვახერხეთ. რა თქმა უნდა, ახლა უფრო რთული იქნება, მაგრამ ერთად ვიბრძოლებთ“.

„ლესტერის“ შესახებ

„იყო მხოლოდ ჭორები, მაგრამ კონკრეტული არაფერი. თუ „ლოკომოტივს“ დავტოვებ, მხოლოდ სერიოზულ გუნდში გადავალ. ყველა გუნდს პატივს ვცემ, მაგრამ, მაგალითად "ლევანტეში" წასვლას აზრი არ აქვს. „ლოკომოტივი“ ევროსარბიელზე მუდმივად თამაშობს და ახლა პრემიერლიგა ძალიან კარგი ჩემპიონატია. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ახალი სტადიონებია, რომლებიც ივსება, განსხვავებული ატმოსფეროა. 26 წლის ვარ და კონტრაქტი კიდევ 3 წლით მაკავშირებს. სიომინი ამბობს: „მცველის კარიერა 28 წლიდან იწყება“. და, მე 26 წლის ვარ. აქ ვარ და ყველაფერს გავაკეთებ „ლოკომოტივის“ წარმატებებისთვის“.

ყველაზე ძლიერი მეტოქე

„დიეგო კოშტა „ატლეტიკოდან“, რომელიც ძალიან ძლიერია, ეჭვგარეშეა“.

გარეთ ბეილი

„არავის მეშინია. მე ვთამაშობ თავდამსხმელების შესაჩერებლად და თუ ფეხბურთელს რაღაცის ეშინია, უმჯობესია მოედანზე არ გავიდეს. ყველა ოცნებობს ჩემპიონთა ლიგაზე ბეილის, რონალდუსა და სხვების წინააღმდეგ სათამაშოდ“.

პოპულარობა საქართველოში

„საქართველოში ფეხბურთი ძალიან უყვართ. ნაკრებმა ორი თამაში მოიგო და ხალხი ბედნიერი იყო. ლატვიასთან სტადიონზე 50 ათასი გულშემატკივარი მოვიდა! ერთი ოცნება აქაც მაქვს - საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. ჩვენ გვესმის, რომ ერთა ლიგა საუკეთესო შანსია და ძლიერი გუნდი გვყავს“.

კრიტიკა

„კრიტიკას პატივს ვცემ. არ მინდა ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ კარგად ვითამაშე. როდესაც, მაკრტიკებენ, უფრო მეტად ვვარჯიშობ. ზოგადად ასე ვარ არამარტო ფეხბურთში, არამედ ცხოვრებაშიც".

იდეალური დღე

„გამარჯვების დღე. ბიჭები ყველანი ბედნიერები ვართ და ყველას კარგი განწყობა აქვს. შემდეგ ჩემს ოჯახთან ერთად რესტორანში მივდივარ, ვხვდები მეგობრებს. დამარცხების შემდეგ კი ფიქრობ, შემდეგ თამაშზე. თუ წაგების შემდეგ კარგი განწყობა გაქვს, გამოდის, რომ შენი საქმე არ გიყვარს“.

საკუთარი თავის რწმენა

„როგორც სიომინი ამბობს, როდესაც კარიერას დაასრულებ, უნდა იცოდე, რატომ ითამაშე, რას მიაღწია? - მთავარია გჯეროდეს საკუთარი თავის და მიხვდე, რომ ფეხბურთში რაღაცის მიღწევა შეგიძლია. სახლში ორი ოქროს მედალი მაქვს, ერთი ჩემპიონატის, მეორე - თასის. სასიამოვნოა მათი დანახვა“.

მაისურების არგაცვლა

„როდესაც ახალგაზრდა ვიყავი მაისური შევჩენკოს გავუცვალე. ასევე მაქვს ეტო’ოს „ანჟის“ მაისური. ნამდვილად არ ვიცი, მას სურდა თუ არა, ჩემი მაისური, მაგრამ მე ნამდვილად მინდოდა მისი. ახლა კი, ამას ყურადღებას აღარ ვაქცევ. დედაჩემი ყველა ჩემს მაისურს ინახავს პირველი მატჩებიდან მოყოლებული. „ზენიტის დუბლების“, „რუბინის“, „ლოკომოტივის“, საქართველოს ნაკრების... არავის აძლევს, მეც კი".

ხავი გრასია

„ამ ისტორიაში საფეხბურთო ასპექტი ნულოვანია. თუ გუნდი პირველ ადგილზე იქნებოდა და კარგად ითამაშებდა, სიტყვას არ ვიტყოდი, მაგრამ 6 თვე ვარჯიშობ და ვერ თამაშობ. თანაც, არ იცი, რატომ... ეს იყო ნამდვილი სტრესი. რომ არა „ლოკომოტივი“ და სიომინი შესაძლოა, ფეხბურთი აღარც მეთამაშა. ასევე მადლიერი ვარ საქართველოს ნაკრების მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის, რომელმაც მითხრა: „საბა წონა გააკონტროლე, ივარჯიშე, მჭირდები და სჭირდები შენს ეროვნულ ნაკრებს. რომ არა ეროვნული ნაკრები, არ ვიცი, როგორ დასრულდებოდა ეს ისტორია. „რუბინში“ კი უპატივცემულობას ვგრძნობდი და ეს ფსოქოლოგიურად რთული მომენტი იყო“.

0.133082