ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 2018-2019 წლების სეზონი დაიწყო. პირველ ტურში მალაგაში, "უნიკახამ" "ვალენსიას" უმასპინძლა და დაბრკოლების გარეშე დაამარცხა - 86:73. ანდალუზიელები მთელი თამაშის განმავლობაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ და ბოლო მეოთხედში კონცენტრაცია რომ არ დაეკარგათ, სხვაობა გაცილებით სოლოდურიც იქნებოდა.
"უნიკახას" რიგებში სასტარტო ხუთეულში არ იყო გიორგი შერმადინი, რომელმაც16:34 წუთი ითამაშა. ხსენებულ დროში ქართველმა ცენტრმა 9-დან 5 ორქულიანი ჩააგდო და შედეგად შეხვედრა 10 ქულითა და 2 მოხსნით დაასრულა. გიორგის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 7 შეადგინა.
გამარჯვებულთა შორის საუკეთესოები ალბერტო დიასი (17 ქულა, 3 პასი, 2 მოხსნა), ხაიმე ფერნანდესი (14 ქულა, 5 პასი, 2 მოხსნა) და კაილ ვილტიერი იყვნენ (15 ქულა). თუმცა, შედეგიანობით ყველას "ვალენსიას" წევრმა ბოიან დუბლიევიჩმა აჯობა, რომელმაც შეხვედრა 19 ქულითა და 7 მოხსნით დაასრულა.
ლიგა ენდესას პირველ ტურში დღეს, თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის "ბასკონია" "სარაგოსას" დაუხვდება, ხოლო ბექა ბურჯანაძის "გიპუზკოა" კვირას, "ფუენლაბრადას" უმასპინძლებს.