დიდოსტატი რეი რობსონი აშშ-ს მოჭადრაკე ვაჟთა ნაკრების ღირსებას იცავს. მისი რეიტინგი 2682-ია. რეი 23 წლისაა, ის 2012 წლის საჭადრაკო ოლიმპიადაზეც ახლდა აშშ-ს გუნდს. ეს ის რობსონია, რომელსად მიმდინარე ოლიმპიადის მეორე ტურში საქართველოს მესამე ნაკრების წევრმა ნიკოლოზ კაჭარავამ დიდი ბრძოლა გაუმართა და ბოლოს მეტოქეები ყაიმზე შეთანხმდნენ. worldsport.ge რეი რობსონს გაესაუბრა.
- როგორ მოგეწონათ ჩვენი ქვეყანა?
- ჯერ თბილისში ჩავფრინდით, შემდეგ კი ბათუმში გამოვემგზავრეთ. თბილისში გავისერნე თანაგუნდელებთან ერთად. თქვენებური კერძებიც დავაგემოვნე, განსაკუთრებით ხაჭაპური მომეწონა.ბათუმი უფრო მომეწონა, ლამაზი ქალაქია და არაჩვეულებრივი სპორტული გარემო სუფევს.
- რას იტყოდით საქართველოს მესამე ნაკრებთან შეხვედრაზე.
- გაგვიჭირდა გამარჯვების მოპოვება. მეოთხე დაფაზე (კაჭარავასთან - რედ.) მძიმე და დაძაბული თამაში მქონდა. საბოლოოდ, ყაიმზე შევთანხმდით.
- თქვენი პროგნოზი?
- ძნელია წინასწარ რაიმეს თქმა. საკმაოდ ძლიერმა გუნდებმა მოიყარეს თავი ამ ოლიმპიადაზე. ამის მიუხედავად, ბოლომდე ვიბრძოლებთ და ჩვენი გუნდი ჩემპიონი გახდება.
თენგიზ ჩობანიძე, სპეციალურად worldsport.ge-ისთვის ბათუმიდან