სპეციალურად, საჭადრაკო ოლიმპიადისათვის სამი პრიზი დაწესდა, რომლის პრეზენტაციაც დღეს მოხდება. ამასთან დაკავშირებით, worldsport.ge-ს ესაუბრა წარსულში ცნობილი ქართველი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი, მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტი, საჭადრაკო ოლიმპიადების 6-გზის ჩემპიონი (1969-86 წწ) და კიდევ სხვა მრავალი ტურნირის გამარჯვებული ქალბატონი ნანა ალექსანდრია.
- ვფიქრობ, საქართველოს ქალთა და ვაჟთა გუნდებმა წარმატებით აიღეს სტარტი. სასიხარულოა, რომ ბელა ხოტენაშვილმა მეორე ტურის საუკეთესო პარტიის ნომინაციაში გაუმარჯვა, ეს ნომინაცია ცნობილმა მოჭადრაკე ჟუჟა პოლგარმა დააწესა, რაც მისასალმებელია.
საქართველოს ქალთა მთავარ გუნდს ჩემპიონობის მოპოვება შეუძლია, მით უმეტეს, რომ მთავარი ფავორიტი ჩინეთის ნაკრები შესუსტებული შემადგენლობით გამოდის, ხოლო კიდევ ერთი ფავორიტმა რუსეთის ნაკრებმა არცთუ დამაჯერებლად აიღო სტარტი - ტურნირის მოულოდნელობა იყო რუსი მოჭადრაკე ქალების მარცხი უზბეკებთან.
რაც შეეხება ვაჟებს, მათ პირველ ათეულში შეუძლიათ მოხვედრა.
- ცნობილი გახდა, რომ ამ ოლიმპიადაზე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელობამ და პრესცენტრმა სამი ახალი პრიზი დააწესა..
- ერთი პრიზია „ტკივილიანი“, რომელიც ეძღვნება ქართველი დიდოსტატის ნინო ხურციძის ხსოვნას, რომელიც მიმდინარე წლის გაზაფხულზე გარდაიცვალა და დღეს, 28 სექტემბერს 43 წლის გახდებოდა. მოგეხსენებათ, ნინო ხურციძე იყო საერთაშორისო დიდოსტატი (1993), საერთაშორისო ოსტატი კაცთა შორის (1996). საქართველოს ორგზის ჩემპიონი ქალთა (1989, 1993) და კაცთა შორის (1998) - ასეთი შედეგი ჰქონდა მხოლოდ იუდით პოლგარს, - ამ უკანასკნელსაც აქვს უნგრეთის ჩემპიონატი მოგებული, როგორც ქალთა, ისე ვაჟთა შორის. გარდა ამისა, ნინო იყო ევროპის ჩემპიონი (1992), ორგზის მსოფლიო ჩემპიონი (1993, 95) 20-წლამდელთა შორის. მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების მეორე (2000, თავის დაფაზე მოიპოვა მცირე ოქროს მედალი) და მესამე (1998) პრიზიორი. მსოფლიო უნივერსიადის სამგზის ჩემპიონი (1994, 1996 — გუნდური, 1998 — პირადი). მოჭადრაკე მაია ლომინეიშვილი იდეაც იყო, რომ ხურციძის სახელობის ტურნირი დაწესებლიყო, და ახლა გადაწყდა მემორიალური პრიზის დაწესება. პრიზის პრეზენტაცია დღეს მოხდება და ეს შემთხვევითი სულაც არ არის - დღეს ნინოს დაბადების დღეა... ნინო ხურციძის სახელობის ეს პრიზი გადაეცემა ოლიმპიადის 20 წლამდე ასაკის საუკეთესო მოჭადრაკეს გოგონას.
გარდა ამისა, ჩემი იდეა იყო და პრესცენტრის მიერ ორი პრიზი გაკეთდა - ეს არის „არჩევანი“ და ისინი გადაეცემა იმ მოჭადრაკე ვაჟსა და ქალს, რომლებიც გამოირჩევიან ოლიმპიადაზე არა მიღწეული შედეგებით, არამედ ელეგანტურობით,პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, ჟურნალისტებთან კარგი დამოკიდებულებით. ამ პრიზის მფლობელებს ოლიმპიადაზე აკრედიტირებული ჟურნალისტები გამოავლენენ ხმის მიცემით. თუ მოხდა ისე, რომ ორმა მოჭადრაკემ ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღო, პრიზის ნომინანტს პრესცენტრის ხელმძღვანელის ჟან მიშელის გადამწყვეტი ხმა გამოავლენს.
- თითქმის 50 წლის წინათ თქვენ პირველად ითამაშეთ საჭადრაკო ოლიმპიადაზე...
- ეს იყო 1969 წელი. მე, ნონა გაფრინდაშვილი და ალა კუშნირი წავედით ოლიმპიადაზე სათამაშოდ პოლონეთის ქალაქ ლუიბლინში და ჩემპიონები გავხდით. ეს არასდროს დამავიწყდება...
თენგიზ ჩობანიძე, სპეციალურად worldsport.ge-ისთვის ბათუმიდან