ჭადრაკი

22:44 | 27.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მოჭადრაკე ქალები ოლიმპიადის ლიდერთა შორის არიან

მსოფლიო 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მეოთხე ტური წარუმატებელი გამოდგა საქართველოს ვაჟთა ნაკრებისათვის, რომლის მეტოქე ლიტვის გუნდი გახლდათ. პირველ დაფაზე ბაადურ ჯობავას (რეიტინგი - 2634) მეტოქე შარუნას სულსკისი (2525) გახლდათ. სამწუხაროდ, ქართველმ ა მოჭადრაკემ წააგო. მეორე დაფაზე მიხეილ მჭედლიშვილი (2607) ტომას კაურუშასს (2484) დაუზავდა. ასეთივე შედეგით დაასრულა თავისი პარტია ჩვენი გუნდის წევრმა ბულგარელმა დიდოსტატმა ივან ჩეპარინოვმა (2715) მესამე დაფაზე ლიტველ ტიტას სტრემავიციუსთან (2467), ხოლო მეოთხე დაფაზე დავით ჯოჯუა (2590) ვიდმანტას მალისაუკასთან (2443) დამარცხდა. საბოლოო ანგარიშია 1-3 ლიტვის ნაკრების საარგებლოდ.

ჩვენი ვაჟთა მეორე ნაკრებმა ავსტრალიის გუნდთან ფრედ 2:2 ითამაშა.

ლუკა პაიჭაძემ (2564) ანტონ სმირნოვს (2549) მოუგო, ხოლო თორნიკე სანიკიძემ (2497) - მაქს ილინგვორტს (2512). დავით მაღალაშვილი (2508) ჟონგ ჟაოსთან (2523) დამარცხდა, გიგა ყუფარაძე (2495) კი - ბობი ჩენგთან (2507).

საქართველოს მესამე ნაკრები კი აფრიკის წარმომადგენელს - მაროკოს გუნდს დაუპირისპირდა. ნოე თუთისანმა ყაიმით დაასრულა თავისი პარტია, ლუკა ობოლაძემ, ნიკოლოზ კაჭარავამ და გიორგი სიბაშვილმა კი მოიგეს. საერთო ჯამში ქართველებმა 3-1 იმარჯვეს.

ისრაელის ნაკრებმა 3-1 დაამარცხა შვედეთის გუნდი. ერთნაირი ანგარიშით - 2,5:1,5 აშშ-სადა საფრანგეთის ნაკრებებმა შესაბამისად, ინდოეთისა და ვიეტნამის გუნდებს სძლიეს. აზერბაიჯანელმა და ჩინელმა მოჭადრაკეებმა ასევე ერთნაირი ანგარიშით 3,5:0,5 მოუგეს შესაბამისად ინგლისელებსა და ხორვატებს.

ოთხი ტურის შემდეგ დაუმარცხებლები არიან აზერბაიჯანის, პოლონეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, ისრაელის, აშშ-ს, სომხეთის, ჩეხეთისა და უკრაინის ნაკრებები, თუმცა უკეთესი კოეფიციენტით პირველ ადგილზეა აზერბაიჯანი, მეორე-მესამეზე პოლონელები და ჩინელები, ხოლო მეოთხე-მეხუთეზე - საფრანგეთისა და ისრაელის ნაკრებები.

საქართველოს მესამე ნაკრები 27-ე ადგილზეა 3 გამარჯვებითა და ერთი წაგებით.

პირველი ნაკრები 49-ზეა, ხოლო მეორე ნაკრები - 52-ეზე.

მეხუთე ტურში ჩვენი მესამე გუნდის მეტოქე ყირგიზეთის გუნდი იქნება, პირველი ნაკრები ბრაზილიას ხვდება, ხოლო მეორე - მონღოლეთის ნაკრებს.

რაც შეეხება ქალებს. საქართველოს პირველი ნაკრებმა ვიეტნამის არცთუ ძლიერ გუნდს 3-1 მოუგო.

ნანა ძაგნიძემ და ნინო ბაციაშვილმა გაიმარჯვეს, ლელა ჯავახიშვილმა და მერი არაბიძემ კი, ყაიმით დაასრულეს პარტიები.

მეორე ნაკრების მეტოქე უნგრეთის გუნდი იყო. სალომე მელია (2391) ტან ჰოანგთან (2413) დამარცხდა, სოფიო გვეტაძე (2325) ანიტა გარას (2370) მოუგო, სოფიკო ხუხაშვილმა (2301) - ტისია გარას (2321). მირანდა მიქაძე (2255) და ნიკოლეტა ლაკოში (2258) მშვიდობიანად გაეყარნენ ერთმანეთს. საქართველოს მეორე ნაკრებმა 2,5:1,5 იმარჯვა.

ჩვენი მესამე გუნდი ავსტრალიის ნაკრებთან დამარცხდა 1-3.

მეხუთე ტურის წინ ქალთა ოლიმპიადაზე 4-4 გამარჯვებაა ჩინეთის, აშშ-ს, უკრაინის, მონღოლეთის, სომხეთისა და საქართველოს პირველი გუნდის ანგარიშზე. სამი მოგება და ერთი ფრე - ასეთი შედეგით საქართველოს მეორე ნაკრები მეშვიდე ადგილზეა, ხოლო ჩვენი მესამე გუნდი - 45-ეზე (2 მოგება, 1 ფრე და 1 წაგება).

მეხუთე ტურში საქართველოს მოჭადრაკე ქალთა პირველ გუნდს უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის უკრაინის ნაკრებთან. მეორე გუნდის მეტოქე თურქეთის ნაკრებია, ხოლო საქართველოს მესამე გუნდი ფინეთის წარმომადგენლებს დაუპირისპირდება.

თენგიზ ჩობანიძე, სპეციალურად worldsport.ge-ისთვის ბათუმიდან

0.159333