ჭადრაკი

20:48 | 26.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

მესამე დღე - ლიდერთა ჯგუფი თანდათან იკვეთება

მესამე ტურში საქართველოს ვაჟთა პირველი ნაკრების მეტოქე მონღოლეთის სუსტი გუნდი იყო და აქედდან გამომდინარე, ჩვენს მოჭადრაკეებს ქულათა მაქსიმუმი უნდა აეღოთ, თუმცა ასე არ მოხდა. ბაადურ ჯობავამ და ივან ჩეპარინოვმა თავიანთ დაფებზე მოიგეს. ლევან ფანცულაია ყაიმს დასჯერდა. ამ მომენტისათვის მხოლოდ დავით ჯოჯუა თამაშობს.

ტურნირის ფავორიტთან - აშშ-ს გუნდთან საპატიო მარცხის შემდეგ, ასევე სუსტი მოწინააღმდეგე შეხვდა საქართველოს მესამე ნაკრებსაც -ნიკარაგუა და 3,5:0,5 დაამარცხა.

მთელი ყურადღება მიპყრობილი იყო საქართველოს მეორე ნაკრებისაკენ, რომელიც ერთ-ერთ ფავორიტს - რუსეთის გუნდს დაუპირისპირდა.

ლუკა პაიჭაძემ (რეიტინგი - 2564) კარგად იბრძოლა სერგეი კარიაკინთან (2760) და საბოლოოდ, დაუზავდა მას. ასევე დაზავდნენ გიგა ყუფარაძე (2495) და ნიკიტა ვიტიუგოვი (2726), თორნიკე სანიკიძე (2497) და იან ნეპომნიაშჩი (2768), ხოლო ირაკლი ბერაძე (2495) ვლადიმირ კრამნიკთან (2779) დამარცხდა. საბოლოოდ რუსებმა 2,5:1,5 იმარჯვეს.

ჩვენს მოჭადრაკე ქალებს რაც შეეხება, საქართველოს პირველი ნაკრების მეტოქე საფრანგეთის გუნდი იყო. ნანა ძაგნიძე (2509) და მარიე სებაგი (2480) ყაიმზე შეთანხმდნენ. ნინო ბაციაშვილმა (2482) ალმირა სკრიპჩენკო (2414) დაამარცხა. დანარჩენი ორი პარტიაც ყაიმით დასრულდა: ბელა ხოტენაშვილი (2469) - პაულინე გუიშარდი (2390) და მერი არაბიძე (2404) - სოფიე მილიეს (2389). საქართველოს ნაკრებმა ფრანგთა გუნდი 2,5:1,5 დაამარცხა.

საქართველოს მეორე ნაკრები ესპანეთის გუნდს შეხვდა. საინტერესო იყო ისიც, რომ ესპანელთა შემადგენლობაში ქართველი თამაშობდა - 2362 რეიტინგის მქონე ანა მათნაძე. ის მესამე დაფაზე თანამემამულე სოფიო გვეტაძეს (2325) დაუპირისპირდა და იმარჯვა. სალომე მელიამ (2391), რომელიც ჩვენი გუნდის პირველ დაფაზე თამაშობს, საბრინა გუტიერესს (2404) მოუგო. მეორე დაფაზე ინგა ჭარხალაშვილი (2317) და მარტა გარსია (2329),ხოლო მეოთხე დაფაზე სოფიკო ხუხაშვილი (2301) და მონიკა რუიზი (2235) დაზავდნენ. საბოლოოდ ფრე 2-2.

რაც შეეხება საქართველოს მესამე ნაკრებს, ამ უკანასკნელმა ბრაზილიის გუნდს 3,5:0,5 მოუგო.

თენგიზ ჩობანიძე, სპეციალურად worldsport.ge-ისთვის ბათუმიდან

0.125417