ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი – მე-16 სეზონის ჩასატარებლად ემზადება.
შეგახსენებთ, რომ 34 წლის ცენტრის ოკეანისგაღმური კარიერა 2003 წელს “ორლანდო მეჯიქში” დაიწყო, მას შემდეგ კი, “მილუოკი ბაქსში”, “ატლანტა ჰოუქსში”, “დალას მავერიქსსა” და “გოლდენ სტეიტ უორიორსშიც” ითამაშა.
ცხადია, ფაჩულიასთვის ყველაზე წარმატებული გოლდენსტეიტური ეპოქა გამოდგა, სადაც მან ნბა-ს ჩემპიონის ბეჭედი 2-ჯერ მოიგო. გასული სეზონის შემდეგ, ზაზამ კონტრაქტი “დეტროიტ პისტონსთან” გააფორმა, დღეს კი სეზონისწინა ფოტო-სესიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ამ ამბავს ქართველი კალათბურთელი ფეისბუქის გვერდზე შემდეგნაირად გამოეხმაურა: “პირველად კალათბურთზე რომ შევედი, ვერც ვიფიქრებდი, რომ ოდესმე ამ სტატუსს დავწერდი. მე-16-ე სეზონი NBA-ში. შრომით ყველაფერი შესაძლებელია”.
ვთქვათ ისიც, რომ ზაზას ახალ გუნდს სეზონის წინ პირველი საკონტროლო შეხვედრა 3 ოქტომბერს, სტუმრად, “ოკლაჰომა სიტი სანდერთან” ელის, შემდეგ კი, “სან ანტონიოსთან”, “ბრუკლინ ნეთსთან”, “ვაშინგტონ უიზარდსთანა” და “კლივლენდ კავალიერსთანაც” ითამაშებს.