ფეხბურთი

2:52 | 26.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნს" ფეხი გიოტცემ დაუდო და "შალკე" კატასტროფის წინაშე

გერმანიის ბუნდესლიგის მეხუთე ტური სენსაციით დაიწყო. მიუნხენის „ბაიერნმა“, რომელიც აქამდე უდანაკარგოდ თამაშობდა, მოკრძალებული „აუგსბურგი“ მიიღო და რა თქმა უნდა, მორიგი მარტივი სამი ქულის მოლოდინში იყო, თუმცა...

თუმცა, „რეკორდმაისტერს“ ფეხი დაუცდა და ეს იყო პირველი თამაში ნიკო კოვაჩისთვის, რომელიც ხორვატმა მიუნხენში ვერ მოიგო. საერთოდ, „ბაიერნი“ არ იყო ისეთი დამაჯერებელი, როგორც წინა თამაშებში და შედეგიც მოიმკა. და მაინც, ახლოს იყვნენ მიუნხენელები გამარჯვებასთან და ამისთვის არიენ რობენის მეორე ტაიმის სტარტზე გატანილი გოლიც საკმარისი იქნებოდა, რომ არა ფელიქს გიოტცე. ის მარკოს უმცროსი ძმა გახლავთ და „ბაიერნის“ აკადემიის აღზრდილია. გასულ ზაფხულს კი „აუგსბურგში“ გაუშვეს და სწორედ ფელიქსმა მოახერხა გადამწყვეტი სიტყვის თქმა. 86-ე წუთზე მანუელ ნოიერი გამოსვლაზე შეცდა, რის შედეგადაც სტუმართა იერიში გაგრძელდა და გიოტცემ მკერდით ცარიელ კარში შეაგდო - 1:1. მიუხედავად დაკარგული ორი ქულისა, „ბაიერნი“ ისევ ლიდერია და რთულად სავარაუდოა, რომ ვინმე ჯეროვან კონკურენციას გაუწევს.

ამასობაში, მეორე ადგილზე წამოსკუპდა ბრემენის „ვერდერი“, რომელსაც ჩინებული სტარტი აქვს. „მუსიკოსებმა“ ბერლინის „ჰერტას“ საკუთარ მოედანზე შანსი არ დაუტოვეს, სეზონში პირველი მარცხი აგემეს და სატურნირო ცხრილში ადგილი გაუცვალეს.

ძალიან ცუდ დღეშია „შალკე“. ვიცე-ჩემპიონს საშინელი სეზონის აქვს და მიჯრით ხუთი თამაში წააგო. „ხუმარები“ მათდა საუბედუროდ არ ხუმრობენ და ბოლო, მე-18 ადგილზე არიან უქულოდ! დომენიკო ტედესკოს შეგირდებს მორიგი იმედგაცრუება ფრაიბურგში ელოდათ, სადაც ადგილობრივ გუნდთან წააგეს. თავის მხრივ „ფრაიმ“ ზედიზედ მეორე თამაში მოიგო და კარგ ხასიათზეც მოვიდა.

„ვერდერი“ – „ჰერტა“ 3:1 (2:0)

გოლები: 1:0 ჰარნიკი (11), 2:0 ველიკოვიჩი (45), 2:1 დილროსუნი, 3:1 კრუსე (66, პენ)

„ბაიერნი“ – „აუგსბურგი“ 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 რობენი (48), 1:1 გიოტცე (86)

„ჰანოვერი“ – „ჰოფენჰაიმი“ 1:3 (0:1)

გოლები: 0:1 ბრენეტი (20), 0:2 კადერაბეკი (49), 1:2 ფულკრუგი (55, პენ), 1:3 ბელფოდილი (90)

„ფრაიბურგი“ – „შალკე“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ნიდერლეხნერი (52)

თეგებიბუნდესლიგა
0.304036