25 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს ჩემპიონის თბილისის ნიკეს ოფიციალური მიღება გაიმართა. ფედერაციის ხელმძღვანელებმა პირადად მიულოცეს თითოეულ ფეხბურთელსა და სამწვრთნელო შტაბს გამარჯვება და ჩემპიონებს მედლები და გარდამავალი თასი გადასცეს. ოფიციალურ მიღებას ქალთა ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
დაჯილდოების ცერემონიის გარდა, მასპინძლებმა და საქართველოს ჩემპონებმა ქალთა ფეხბურთის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და ქვეყანაში ფეხბურთში გოგონათა ჩართულობის გასაზრდელად სხვადასხვა პროექტების პერსპექტივა განიხილეს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ნიკემ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის ჩემპიონობა მეჩვიდმეტე ტურის შემდეგ გაინაღდა. თბილისის „ნიკემ“ საკუთარ მოედანზე თანაქალაქელ „ნორჩ დინამოს“ უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
26-ე წუთზე ანგარიში „ნიკეს“ ფეხბურთელმა ანა პოღოსიანმა გახსნა. სტუმრებმა წონასწორობის აღდგენა 78-ე წუთზე მარიამ ბასილაძის გოლით შეძლეს.
მასპინძელთა მხრიდან კი გამარჯვების ბურთი 84-ე წუთზე თეონა თოდაძემ გაიტანა. მოპოვებული სამი ქულით „ნიკემ“ 44 ქულა დააგროვა და ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ქვეყნის ჩემპიონის ტიტული გაინაღდა.
www.gff.ge