იტალიური “ალმა ტრიესტე”, რომლის ღირსებასაც 23 წლის ქართველი კალათბურთელი გიგა ჯანელიძე იცავს, მომავალი სეზონისთვის ემზადება.
შეგახსენებთ, რომ ტრიესტელები ამჯერად ძალებს სერია A-ში მოსინჯავენ, ამდენად, ქართველი ფორვარდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი დგება. გიგას თავის გამოჩენის კარგი შანსი აქვს და სავარაუდოა, რომ მისი ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებაც არ უნდა იყოს შორს.
“ალმა ტრიესტემ” პირველი საკონტროლო მატჩი დუდა სანაძის ყოფილ კლუბ “პრიმორსკასთან” ჩაატარა და 67:76 წააგო, გიგამ კი 4 ქულა მიითვალა. ქართველი ლეგიონერი ყველაზე შედეგიანად “უდინესთან” მოგებულ (97:84) მატჩში გაიმარჯვა, როდესაც გუნდს 13 ქულა შესძინა.
ტრიესტელებმა უფრო იოლად მოუგეს სარატოვის “ავტოდორს”, ჯანელიძემ კი 7 ქულა ჩააგდო. “ალმა ტრიესტემ” მომდევნო შეხვედრა “ვირტუს ბოლონიასთან” გამართა და 67:72 დამარცხდა, ჩვენებურმა კი ისევ 7 ქულა მიითვალა. ქართველ კალათბურთელს იდენტური მონაგარი ჰქონდა მანუჩარ მარკოიშვილს ყოფილ კლუბ “რეჯიანასთან” მოგებულ (83:78) შეხვედრაშიც.
ქართველი ლეგიონერის კლუბმა ბოლოს “მონფალკონეს თასის” გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა და ნახევარფინალში “ტრევიზოს” 93:77 სძლია, ფინალში კი “უდინეს” აჯობა – 87:77. პირველ შეხვედრაში გიგამ 2 ქულა მოაგროვა, მეორეში კი – 4.
ვთქვათ ისიც, რომ ჯანელიძის კლუბს იტალიის ჩემპიონატის პირველი მატჩი 7 ოქტომბერს ელის, როდესაც “ვირტუს ბოლონიას” უმასპინძლებს.