სხვა

19:39 | 24.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

სეზონი ცამეტმა ქართველმა დაიწყო

საკლუბო სეზონი ევროპაში ცამეტმა ქართველმა ხელბურთელმა დაიწყო, მათ შორის სამი - საქართველოს ქალთა ნაკრების წევრია - მედეა ჩოხელი, ქეთი კუნელაშვილი და ქეთევან ვენეცკი. ქართველების 5 კლუბი ამ სეზონში ევროტურნირებზეც თამაშობს.

საფრანგეთში, 17 წლის გიორგი ცხოვრებაძეს ჯერ არ უთამაშია მონპელიეს კაცთა გუნდში, რომელიც 3 თამაშიდან 3 მოგებით ლიდერობს პარი სენ ჟერმენთან, ნანტთან, ნიმთან და შამბერისთან ერთად. კლუბმა დაამარცხა ესი (26-23), ტულუზი (34-29) და ისტრი (33-27), თუმცა, ჩემპიონთა ლიგა მოქმედმა გამარჯვებულმა 2 წაგებით დაიწყო.

რუმინეთის ჩემპიონატში 3 თამაშიდან 9 ქულით ლიდერია საქართველოს ნაკრების მეკარის, შოთა თევზაძის კლუბი ფოჩანი, რომელმაც 27-19 დაამარცხა ფეგერაში, 39-25 - კლუჟი და 27-23 - ბაკეუ. ახალ კლუბშია ირაკლი ჩიქოვანი - მისი კონსტანცა პირველ ტურში ჩემპიონთან, ბუქარესტის დინამოსთან დამარცხდა (24-30), შემდეგ კი მოუგო ბუზაუს (23-20) და ქართველის ყოფილ გუნდს, კელერაშის (27-26). ჩიქოვანმა პირველ თამაშში 2 გოლი გაიტანა, მომდევნო ორში - 4-4. კონსტანცა თამაშობს EHF თასზეც და ოქტომბერში შეხვდება ჩეხეთის პლზენს.

ახალ ქვეყანაშია თეიმურაზ ორჯონიკიძე და სამი მატჩის შემდეგ 11 გოლით ფერენცვაროშის მეორე ბომბარდირია უნგრეთის ნაკრების წევრის, გაბორ ანჩინის შემდეგ. ფერენცვაროშმა დაამარცხა ედერი (30-18), წააგო კომლოისთან (18-23) და ტატაბანიასთან (22-27). აქ უდანაკარგოდ ლიდერობენ უნგრული ხელბურთის გრანდები, სეგედი და ვესპრემი.

ორჯონიკიძის ყოფილ კლუბში, მაკედონიის პელისტერშია ვეტერანი რევაზ ჭანტურია. პირველ ტურში ის დამარცხდა ეუროფარმთან (22-33), შემდეგ კი მოუგო პროლეტს 32-30, რაშიც ქართველმა გარემარბმა ორგოლიანი წილი შეიტანა. მაკედონიის ჩემპიონატს ლიდერობს დებიუტანტი, სტრუგა, რომლის მწვრთნელია ჩვენი ეროვნული ნაკრების თავკაცი, დონე ბოშკოვსკი, მას კი შემადგენლობაში ორი ქართველი ჰყავს - ლექსო წითელიშვილი და გიორგი დიხამინჯია. წითელიშვილი შარშან თურქეთის ჩემპიონატში თამაშობდა, დიხამინჯიას დანიური კლუბი, მიდტიულანდი კი გაკოტრდა. პირველ მატჩში, ბორეცთან (29-24) ქართველებს ფორმალური მიზეზების გამო არ უთამაშიათ, ვარდარის ახალგაზრდულ გუნდთან მოგებულ თამაშში (32-22) კი დიხამინჯიამ 7 გოლი გაიტანა, წითელიშვილმა - 4. ჯერჯერობით უკლუბოდაა რატი მსხვილიძე, ვინც შარშანდელი სეზონი ეუროფარმში ჩაამთავრა.

პელისტერის ქალთა გუნდში, მაკედონიის ჩემპიონატში, წლეულს თამაშობს ქალთა ნაკრების კაპიტანი, 19 წლის მედეა ჩოხელი. პირველ თამაშში მან 4 გოლი გაუტანა ცემსს (33-23), პელისტერმა მოუგო სპარტაკსაც (33-27) და დამარცხდა სტრუჟანკასთან (20-22), ამ ორ თამაშში კი ქართველი ხაზის მოთამაშის წვლილი თითო გოლი იყო. მედეას მოუწევს ევროტურნირებზე გამოსვლაც - ჩელენჯ კაპზე, ნოემბერში, პელისტერის მეტოქე იქნება მალტის კლუბი სალე.

თურქეთის ჩემპიონატის პირველ ტურში MYK ჰანტბოლმა 28-28 ითმაშა ბურსასთან, ქართველმა პივოტმა უჩა მაისურაძემ კი 6 გოლი გაიტანა. ამ ქვეყნის ქალთა ჩემპიონატში დებიუტი აქვს ქეთი კუნელაშვილს, რომლის კლუბი, არდაშენ გენჩლიკი 3 მატჩიდან 3 მოგებით ლიდერია. არდაშენი პატარა ლაზური ქალაქია რიზეს მახლობლად. პირველი ორ თამაშის დროს იზმირთან (29-24) და ოსმანგაზთან (31-23) კუნელაშვილი სატრანსფერო საკითხების მოგვარებას ელოდა, მესამე ტურში კი უკვე განაცხადში მოხვდა - არდაშენმა სტუმრად მოუგო კასტამონუს (33-31), რომელიც ამ წაგებამდე ერთ-ერთი ლიდერი იყო.

უკრაინის კლუბ ოდესაში დებიუტი აქვს ქუთაისის ყოფილ გამთამაშებელს, ირაკლი კბილაშვილს. ოდესამ სუპერლიგის პირველ ტურში სტუმრად დაამარცხა პორტოვიკი, 36-24, კბილაშვილი კი საუკეთესო იყო 11 გოლით. მისი თანატოლი, 20 წლის ერეკლე არსენაშვილი მეორე სეზონს ატარებს საბერძნეთში, ოღონდ - ახალ კლუბში. დიომიდის არგუსი წინა ჩემპიონატში მეხუთე იყო, ახალი სეზონის პირველ ტურში კი ერთ-ერთ ფავორიტთან, პაოკთან დამარცხდა 21-28. არსენაშვილი ითამაშებს ჩელენჯ კაპზეც, სადაც მისი კლუბი ოქტომბერში შეხვდება რუსეთის დინამო-ვიქტორს.

და ბოლოს, კოსოვო, სადაც ქართველ ლეგიონერს არასოდეს უთამაშია. საქართველოს ქალთა ნაკრებმა ამ ქვეყანაში შარშან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ითამაშა. მას შემდეგ ქეთევან ვენეცკის რამდენიმე შეთმაზება ჰქონდა ამ ქვეყნიდან, სეზონის წინ კლუბ ისტოგუში ჩაირიცხა და პირველ ტურში 5 გოლის გატანაც მოასწრო იუსუფ გერვალასთან. ისტოგუმ 48-27 მოიგო, ნოემბერში კი ჩელენჯ კაპის ორი მატჩიც ექნება იტალიის კასანო მანიანოსთან.

0.10768