24 სექტემბერს, სფფ-ის ტექნიკურ ცენტ „ბასაზე“ ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის საერთო საგანმანათლებლო პროექტის „მსაჯთა აკადემიის“ მეორე კურსზე სასწავლო პროცესი დაიწყო. ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანი, დავით მუჯირი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე დაესწრნენ.
სფფ-ის ხელმძღვანელებმა მომავალ მსაჯებს სიტყვით მიმართეს, წარმატებული სასწავლო პროცესი უსურვეს და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„მსაჯთა აკადემიის“ მეორე კურსზე 26 კურსანტი ისწავლის, მათ შორის 8 გოგონაა. სასწავლო პროცესი 4 თვეს გასტანს და ის თეორიულთან ერთად პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავს. კურსის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, კურსანტი შესაბამის სერტიფიკატს მიიღებს და საშუალება ექნება სხვადასხვა რანგის საფეხბურთო მატჩებზე იმსაჯოს.
დავით მუჯირი - სფფ-ის გენერალური მდივანი: „გასული წლიდან ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან ერთად ჩვენ „მსაჯთა აკადემიის“ პროექტს ვახორციელებთ. აღნიშნული აკადემიის პირველი გამოშვების კურსდამთავრებულები უკვე მსაჯობენ სხვადასხვა დონზე, რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტმა სრულად გაამართლა. „მსაჯთა აკადემია“ არ მოიცავს მხოლოდ დამწყები მსაჯების გადამზადებას, ამ პროექტის ფარგლებში ასევე მოხდება უკვე ლიცენზირებული და მათ შორის ფიფას მსაჯების კვალიფიკაციის ამაღლება. ჩვენი მხრიდან აღნიშნულ აკადემიას დიდი მხარდაჭერა ექნება. მოგეხსენებათ, რომ პირველივე წელს „მსაჯთა აკადემიამ“ საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია. სასიხარულოა, რომ ეს ინტერესი მეორე კურსზეც იგრძნობა, დღეს სწავლას 26 მომავალი მსაჯი იწყებს და მათ შორის 8 გოგონაა. გოგონათა ჩართულობა და ზოგადად ქალთა ფეხბურთის განვითარება ფეხბურთის ფედერაციისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.“
ანა ბრეგვაძე - კურსის მონაწილე: „ჩემთვის ეს პროფესია ძალიან საინტერესია. მსურს, რომ უშუალოდ თამაშის პროცესში ვიყო ჩართული და არა მხოლოდ ტრიბუნიდან. ყოველთვის მაინტერესებდა, როგორ წარიმართებოდა მსაჯების მიერ სათამაშო პროცესი და ბედნიერი ვარ, რომ ახლა ამის შესწავლის საშუალება მომეცემა.“
ედი მამფორია - კურსის მონაწილე: „ფეხბურთის დიდი დიდი გულშემატკივარი ვარ, უკვე წლებია, ქართულ ფეხბურთს ამ რანგში ვადევნებ თვალს და ყოველთვის იყო გარკვეული პრეტენზიები მსაჯების მიმართ. მას შემდეგ რაც ფეხბურთის ფედერაციამ „მსაჯთა აკადემიის“ პროექტი დაიწყო, სურვილი გამიჩნდა ეს პროფესია შემესწავლა და საკუთარი თავი გამომეცადა, როგორც მსაჯს. ჩემთვის ძალიან საინტერესოა ამჯერად უკვე მსაჯის როლში ვადევნო ფეხბურთს თვალი.“
www.gff.ge