პრემიერლიგას მე-6 ტურის შემდეგ, ერთი უდანაკარგო კლუბი - „ლივერპული“ შემორჩა. დღეს ორი შეხვედრა გაიმართა და მიმდინარე სეზონში პირველი ქულები დაკარგა „ჩელსიმ“, რომელმაც გასვლაზე თანაქალაქელ „ვესტ ჰემი“ ვერ დაამარცხა.
სათამაშო უპირატესობას „ჩელსი“ ფლობდა, თუმცა მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა და შესაბამისად, მოგება ორივეს შეეძლო. მასპინძელთაგან მშვენიერი საგოლე შანსები ჰქონდათ ანტონიოს და იარმოლენკოს. პირველს არიზაბალაგამ აჯობა, ხოლო უკრაინელმა ხელსაყრელი პოზიციიდან თავით არაზუსტად დაარტყა და 100%-იანი მომენტი გაატანა ქარს.
სტუმართაგან მიზანთან ახლოს აზარი, ჟირუ და მორატა იყვნენ, თუმცა გოლის გატანა მათაც ვერ შეძლეს და შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა - 0:0.
დღის მეორე მატჩში „არსენალი“ „ემირეითს სთედიუმზე“ „ევერტონს“ დაუხვდა, ორი უპასუხო ბურთი გაუტანა და ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა. საწყის 45 წუთში გოლები არ გასულა, მეორე ნახევარში კი „მეთოფეებმა“ უპირატესობა მოიპოვეს, რაც ტაბლოზეც ასახეს. მატჩის ბედი სამწუთიან მონაკვეთში გადაწყდა: 56-ე წუთზე ანგარიში ლაკაზეტმა ლამაზი დარტყმით გახსნა, ხოლო სამ წუთში ობამეიანგმა ახლო მანძილიდან შეაგდო. აღსანიშნავია, რომ გაბონელმა ფორვარდმა გოლი აშკარა თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანა, თუმცა მსაჯები უხეშად შეცდნენ და გოლი ჩათვალეს - 2:0.
ვესტ ჰემი - ჩელსი 0:0
არსენალი - ევერტონი 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 ლაკაზეტი (56), 2:0 ობამეიანგი (59)