ჭადრაკი

18:03 | 21.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

საჭადრაკო ოლიმპიადა 2018: "ნონას თასი“ ბათუმში გამოიფინა

23 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით ბათუმი 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლებს.
ოლიმპიადის ერთ-ერთი მთავარი ჯილდო, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში მოგზაურობს და ოლიმპიადის დაწყებამდე ის მასპინძელ ბათუმშიც გამოიფინა: დღევანდელ ღონისძიებას ბულვარში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის საჭადრაკო კლუბმა „ნონამ“ უმასპინძლა.

საზეიმო წარდგენაში, რომელმაც სახალისო ვიქტორინა, ქართული ჭადრაკისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა, დიდოსტატ სალომე მელიასთან ერთობლივი თამაშის სეანსი და საჭადრაკო თემაზე დადგმული ფლეშ-მობი მოიცვა, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა გიორგი გიორგაძემ, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა, ფიდე-ს კონსულტანტმა სოფიო ბაკურიძემ, ბათუმის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებმა და ვეტერანმა ბათუმელმა მოჭადრაკეებმა.
ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე, ბულვარის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენი სახელოვანი ჩემპიონის, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალის, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ეს ლამაზი ჯილდო დღეს ოლიმპიადის მასპინძელ ბათუმშია გამოფენილი. დღევანდელი აქცია, ისევე როგორც წინამორბედები, ოლიმპიადის პოპულარიზაციას ემსახურება. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ყველას გეპატიჟებით ოლიმპიადის საზეიმო გახსნაზე, რომელიც კვირას, 23 სექტემბერს შეკვეთილში, „ბლექ სი არენაზე“ გაიმართება. დარწმუნებული ვარ, რომ ბათუმის ოლიმპიადა ჭადრაკის ყველა მოყვარულისთვის უდიდესი ზეიმი იქნება“, - განაცხადა გიორგი გიორგაძემ.
„ნონას თასი“ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ - FIDE - 1997 წელს დააწესა. 1998 წლის ოლიმპიადიდან დაწყებული ის იმ ქვეყანას გადაეცემა, რომლის ვაჟთა და ქალთა ნაკრები გუნდები ოლიმპიადაზე ჯამში ყველაზე მეტ ქულას დააგროვებენ.

„ნონას თასი“ საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში გამოიფინა: დედაქალაქში, კახეთში, შიდა და ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთსა და რაჭაში, სამეგრელოსა და გურიაში.
ბათუმმა ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება 2014 წელს, ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში გამართულ ფიდე-ს გენერალურ ასამბლეაზე მოიპოვა, სადაც 93 ხმა მიიღო, კონკურენტმა დურბანმა (სამხრეთ აფრიკა) კი 58.

ოლიმპიადის დღეებში გაიმართება ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (FIDE) და კონტინენტური საჭადრაკო კავშირების საპრეზიდენტო არჩევნები.

2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი

0.118702