ფეხბურთი

21:15 | 20.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასი | ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია

20 სექტემბერს, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მერვედფინალური ეტაპის დასკვნითი სამი შეხვედრა გაიმართა.

ტურნირის დებიუტანტი ბათუმის „მეტა“ საქართველოს თასზე წარმატებულ გამოსვლას განაგრძობს. ბათუმელები სტუმრად ცხინვალის „ლიახვს“ დაუპირისპირდნენ და მეტოქე სამბურთიანი სხვაობით - 5:2 დაამარცხეს. გიორგი თურმანიძის გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა. გოგიტა ბერიძის, ზურაბ ქვარცხავასა და ნიკა არონია გოლებს, ცხინვალელთა მხრიდან ცოტნე ჩხიკვაძემ უპასუხა და პირველი ნახევარი „მეტამ“ 3:1 მოიგო. თამაშის მსვლელობა მეორე ტაიმშიც არ შეცვლილა, აჭარლებმა თამაში სწრაფი გოლით განაახლეს - 48-ე წუთზე თავი ოლეგ კურტანიძემ გამოიჩინა. მატჩის მიწურულს კიდევ ორი გოლი გავიდა: 66-ე წუთზე ბექა ძიგუამ „ლიახვს“ მეხუთე გოლი გაუტანა, 74-ეზე კი ცოტნე ჩხიკვაძემ აიღო სტუმართა კარი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

დამაჯერებელად მოიგო ქობულეთის „შუქურამ“. თენგიზ კობიაშვილის გუნდი „გარდაბანს“ ესტუმრა და 3:0 დაამარცხა მეტოქე. თამაშის ბედი მეორე ნახევარში გადაწყდა, უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ქობულეთელებმა სამი გოლის გატანა მოახერხეს და ასე მოიპოვეს მეოთხედფინალის საგზური. გარდაბნელებს პირველი გოლი 64-ე წუთზე სეით-დაუთ გარაკოევმა გაუტანა. ამ მომენტიდან ზუსტად 7 წუთში კი, საკუთარ გუნდის უპირატესობა ორამდე ფელიპე ნუნიეშმა გაზარდა. შეხვედრაში წერტილი „შუქურას“ კაპიტანმა დასვა -გიორგი ჩელებაძემ მეტოქის კარი 77-ე წუთზე აიღო.

დაძაბული გამოდგა „მცხეთა პარკზე“ გამართული შეხვედრა, სადაც თბილისის „ვიტ ჯორჯია 2“ „გაგრას“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 1:2 დამარცხდა. თბილისელებმა ანგარიში სწრაფი გოლით გახსნეს, მე-18 წუთზე გოლით გიორგი ამაშუკელი გამოირჩა. მერაბ კოჭლაშვილის გუნდმა მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება შეძლო და პირველი ნახევარი მოიგო. მეორე ტაიმის სტარტზე კი სტუმრებმა აქტიურად შეუტიეს და გუნდის კაპიტნის, რატი ცაცკრიალაშვილის დუბლის წყალობით შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს. ცაცკრიალაშვილმა 56-ე წუთზე პენალტი შეასრულა ზუსტად, 59-ეზე კი თანაგუნდელების ეფექტური კომბინაცია დაასრულა შედეგიანი დარტყმით.

დღევანდელი სათამაშო დღით დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2018 წლის გათამაშების მერვედფინალური ეტაპი დასრულდა. დაფიქსირებული შედეგებიდან გამომდინარე, შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება „თელავმა“, თბილისის „ვიტ-ჯორჯიამ“, ლანჩხუთის „გურიამ“, თბილისის „დინამომ“, ქუთაისის „ტორპედომ“, „გაგრამ“, ბათუმის „მეტამ“ და ქობულეთის „შუქურამ“ მოიპოვეს.

მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა, რომელშიც მონაწილეობას რეგიონული ლიგის ერთი, ლიგა 3-ის ერთი, ეროვნული ლიგა 2-ის ოთხი და ეროვნული ლიგის ორი კლუბი მიიღებს 21 სექტემბერს 14:00 საათზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართება.

www.gff.ge

0.115916