შიდა დაპირისპირებების შემდეგ, ქართულ ძიუდოში მთავარი სასაუბრო თემა მსოფლიოს ჩემპიონატი ხდება. 2018 წლის სეზონის უმთავრეს შეჯიბრებას 20-27 ოქტომბერს ბაქო უმასპინძლებს და მსოფლიოს 125 ქვეყნის ნაკრებთან ერთად, კონკურენციაში საქართველოს მამაკაცთა ნაკრებიც ჩაებმება. ქალთა შორის ქართველებს მონაწილე არ გვეყოლება. შესაბამისად, გუნდური ჩემპიონატიც ჩვენებურთა გარეშე ჩაივლის, რადგან მსოფლიოს პირველობის დამაგვირგვინებელ გუნდურ შეჯიბრებაში ერთმანეთს მამაკაცთა და ქალთა გაერთიანებული ნაკრებები უნდა დაუპირისპირდნენ.
20 სექტემბერს აზერბაიჯანულ ტატამზე ორი ქართველი გავა. მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში უნდა გამოვლინდნენ, სადაც საქართველოს სახელით ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი იჭიდავებენ. მამაკაცთა უმსუბუქეს წონით კატეგორიაში სულ 68 სპორტსმენი დარეგისტრირდა.
საქართველოს ნაკრების წევრები მეორე წრიდან დაიწყებენ. ამირან პაპინაშვილი მალავის ნაკრების წევრ ემანუელ ნდავუსთან დაჭიდებით. ლუხუმ ჩხვიმიანის პირველ მეტოქეს კი მაროკოელი ისამ ბასოუსა და ბულგარელი ვალენტინ ალიპევის შეხვედრა გამოავლენს.
ქართველი მსუბუქწონოსნები სატურნირო ბადეში საპირისპირო მხარეს მოხვდნენ და მათი გზები ფინალამდე არ იკვეთება. ქვეჯგუფში პაპინაშვილის სავარაუდო მეტოქეთაგან აზერბაიჯანელი ორხან საფაროვი უნდა გამოვარჩიოთ - მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატის ფინალისტი. ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში კი, ფინალის საგზურისთვის შეიძლება დაუპირისპირდეს რუსეთის ნაკრების წევრს - ევროპის შარშანდელ ჩემპიონ რობერტ მშვიდობაძეს ან უზბეკ შარაფუდინ ლუტფილაევს.
თუ ჩხვიმიანი პირველი ბრძოლას მოიგებს, მეთექვსმეტედფინალში დიდი ალბათობით რიუჯუ ნაგაშიმასთან მოუწევს დაჭიდება. 22 წლის იაპონელი მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველ ნომრადაა განთესილი. იმავე ქვეჯგუფშია საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი ბეთქილ შუკვანი, რომელიც უკვე წლებია, თურქეთის დროშის ქვეშ გამოდის, ბექირ ოზლუს სახელით. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი იაპონელი ნაოჰისა ტაკატო კი შეიძლება ნახევარფინალში დადგეს ქართველი მსუბუქწონოსნის პირისპირ.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე მედალი ბოლოს 2014 წელს მოიპოვა - ამირან პაპინაშვილი კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.
ხვალვე გათამაშდება მედლები გოგონებში 48 კილოგრამში.
21 სექტემბერს მამაკაცები 66 კილოგრამს დანომრავენ და საქმეში ვაჟა მარგველაშვილი ჩაერთვება. ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) 22 სექტემბერს იჭიდავებს, ზებედა რეხვიაშვილი (81 კგ) – 23 სექტემბერს, ბექა ღვინიაშვილი და უშანგი მარგიანი (ორივე 90 კგ) – 24 სექტემბერს, ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) – 25 სექტემბერს, ხოლო გურამ თუშიშვილი (+100 კგ) – 26 სექტემბერს.