ჭადრაკი

17:34 | 17.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლონდონიდან ბათუმამდე
საჭადრაკო ოლიმპიადების ისტორია (ნაწილი XXI)

23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე ბათუმი მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას მასპინძლობს, რომელიც რიგით 43-ეა. დღეს ვასრულებთ საჭადრაკო ოლიმპიადების ისტორიას.

XXXIX ოლიმპიადა

ხანტი-მანტიისკი (რუსეთი), 2010 წლის 20 სექტემბერი - 4 ოქტომბერი

რიგით 39-ე ოლიმპიადას რუსეთმა უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ ვაჟთა ტურნირში ეს ქვეყანა სამი გუნდით იყო წარდგენილი, უძლიერესი „ა“ ნაკრებითაც (ვლადიმირ კრამნიკი, ალექსანდრე გრიშჩუკი, პეტრ სვიდლერი, სერგეი კარიაკინი, ვლადიმირ მალახოვი) კი ვერ მისწვდა ოქროს მედლებს - 11 შეხვედრიდან 8 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და უნგრეთის ნაკრებთან დამარცხდა.

პირველ ადგილზე კი უკრაინის ნაკრები გავიდა (ვასილი ივანჩუკი, რუსლან პონომარიოვი, პაველ ელიანოვი, ზაჰარ ეფიმენკო, ალექსანდრ მოისეენკო), რომელმაც 8 შეხვედრა მოიგო და 3 ფრედ დაასრულა.

მესამე საპრიზო ადგილი ისრაელის გუბდმა დაიკავა. რაც შეეხება საქართველოს ვაჟთა ნაკრებს (ბადურ ჯობავა, მერაბ გაგუნაშვილი, მიხეილ მჭედლიშვილი, ლევან ფანცულაია, თამაზ გელაშვილი), ჩვენმა გუბდმა 6 შეხვედრა მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 4 წააგო და 30-ე ადგილს დასჯერდა.

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრები (ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, სალომე მელია, სოფიკო ხუხაშვილი, ბელა ხოტენაშვილი) კი მესამე ადგილზე გავიდა (7 გამარჯვება, 2 ფრე და 2 მარცხი). უძლიერესი იყო რუსეთის ქალთა ნაკრები (ტატიანა კოსინცევა, ნადეჟდა კოსინცევა, ალექსანდრა კოსტენიუკი, ალისა გალიამოვა, ვალენტინა გუნინა), რომელმაც ყველა შეხვედრა მოიგო და 34 ქულით გახდა ჩემპიონი, მეორე ადგილზე ჩინეთის გუნდი გავიდა.

ჩვენმა მოჭადრაკეებმა რუსებთან 1,5:2,5 წააგეს, ხოლო ჩინელებს 2,5:1,5 მოუგეს. პირად შედეგებს რაც შეეხება, ძაგნიძემ და მელიამ 7-7 ქულა მოაგროვეს 10-10 მარტიაში, 9 პარტიაში 5 ქულა აიღო ჯავახიშვილმა, ამდენივე ქულა დააგროვეს ხუხაშვილმა და ხოტენაშვილმა შესაბამისად 7 და 8 პარტიაში.

XXXX ოლიმპიადა

ისტანბული (თურქეთი), 2012 წლის 27 აგვისტო - 10 სექტემბერი

საიუბილეო, მე-40 ოლიმპიადა თურქეთში გაიმართა. ვაჟთა ტურნირში პირველ-მეორე ადგილები გაიყვეს სომხეთისა (ლევონ არონიანი, თბილისში დაბადებული სერგეი მოვსესიანი, ვლადიმერ აკოფიანი, გაბრიელ სარგისიანი, ტიგრან პეტროსიანი. ამ უკანასკნელს მამამ სახელი წარსულში მსოფლიო ჩემპიონის ტიგრან პეტროსიანის საპატივცემულოდ შეარქვა)და რუსეთის (ვლადიმერ კრამნიკი, ალექსანდრე გრიშჩუკი, სერგეი კარიაკინი, ევგენი ტომაშევსკი, დიმიტრი იაკოვენკო). ნაკრებებმა დაიკავა - ორივე გუნდმა 9-9 შეხვედრა მოიგეს და თითო ფრედ დაასრულეს და თითო წააგეს. უკეთესი კოეფიციენტის წყალობით, სომხეთის გუნდი გახდა ჩემპიონი. მესამეზე უკრაინის გუნდი გავიდა.

საქართველოს ვაჟთა ნაკრები ოცდაათეულს მიღმა დარჩა.

ვერც საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრები მოხვდა საპრიზო სამეულში - მხოლოდ მე-8 ადგილზე გავიდა. ქალთა ტურნირის პირველი სამეული კი ასეთი გამოვიდა: 1. რუსეთი; 2. ჩინეთი; 3. უკრაინა.

XXXXI ოლიმპიადა

ტრომსო (ნორვეგია), 2014 წლის 1-14 აგვისტო

ნორვეგიულ ქალაქში გამართული ვაჟთა ტურნირის გამარჯვებული ჩინეთის გუნდი გახდა, რომელმაც 8 შეხვედრა მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და არცერთში არ დამარცხებულა. მეორე ადგილზე უნგრეთის გუნდი გავიდა, ხოლო მესამეზე - ინდოეთის ნაკრები. ქართველი მოჭადრაკე ვაჟები მხოლოდ 44-ე ადგილზე გავიდნენ. ბაადურ ჯობავამ 10 პარტიაში 6 ქულა აიღო, მიხეილ მჭედლიშვილმა - 4(9), ლევან ფანცულაიამ - 6,5 (9), გაიოზ ნიგალიძემ - 5(9), კონსტანტინე შანავა - 3 (7).

უარესი კოეფიციენტის გამო საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრები (ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, სალომე მელია, ნინო ბაციაშვილი) მეოთხე ადგილზე გავიდა, არადა დაგროვებული ქულების მიხედვით (32 ქულა) მხოლოდ ჩინეთის გუნდს ჩამორჩა. რას ვიზამთ, წესი წესია... პირველ ადგილზე სწორედ 32 ქულის მომგროვებელი რუსეთის ნაკრები გავიდა, მეორეზე - ჩინეთის ნაკრები (32,5), ხოლო მესამეზე - უკრაინის ნაკრები, რომლის მონაგარი 28,5 ქულა იყო...

ჩვენი გუნდი რუსეთისა და უკრაინის გუნდებთან ერთნაირი ანგარიშით - 1,5:2,5 დამარცხდა.

XXXXII ოლიმპიადა

ბაქო, 2016 წლის 1-14 სექტემბერი

42-ე საჭადრაკო ოლიმპიადას ჩვენმა მეზობელმა ქვეყანამ უმასპინძლა. ვაჟთა ტურნირში უძლიერესი იყო აშშ-ს ნაკრები, რომელმაც 11 შეხვედრიდან 9 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა. მეორე ადგილზე უკრაინის ნაკრები გავიდა, ხოლო მესამეზე - რუსეთის გუნდი. საქართველოს ნაკრებმა (ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი, ლევან ფანცულაია, თამაზ გელაშვილი, თორნიკე სანიკიძე) ამჯერად 24-ე შედეგი აჩვენა. აღსანიშნავია, რომ პირადი შედეგების მიხედვით, პირველ დაფაზე საუკეთესო ბაადურ ჯობავა იყო, რომელმაც 10 შესაძლებლობიდან 8 ქულა მოაგროვა.

ქალთა ტურნირში ჩინელებმა იმარჯვეს, რომლებმაც 9 შეხვედრა მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს. მეორეზე პოლონელები გავიდნენ, ხოლო მესამეზე - უკრაინელები. მეათე შედეგი აჩვენა საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა (ნანა ძაგნიძე - 5,5 ქულა 9-დან, ლელა ჯავახიშვილი - 6,5(10), ბელა ხოტენაშვილი - 7(10), ნინო ბაციაშვილი - 9 (10), სალომე მელია - 2,5 (5)).

ბაქომ ოლიმპიადის მონაწილეებს გზა ბათუმისკენ დაულოცა...

0.167644