ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 31-ე ადგილზე გახლავთ, ძალებს საფრანგეთის ქალაქ მეცში დაგეგმილ საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 561 345 ევრო) მოსინჯავს.
ბასილაშვილი “მოზელ ოუფენზე” მე-5 ნომრად არის განთესილი და პირველ წრეში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულს ელის. წარმატების შემთხვევაში, ქართველს მერვედფინალის დაძლევის კარგი შანსიც ექნება, რადგანაც “უაილდ ქარდის” მქონე ფრანგ უგო ჰუმბერტსა და კიდევ ერთ კვალიფიკანტს შორის უმჯობესს გაეჯიბრება.
თუკი ნიკოლოზმა ეს ბარიერიც დასძლია, სავარაუდოდ, პირველი განთესვის მქონე იაპონელ კეი ნიშიკორისთან ჭიდილი ელის.
ვთქვათ ისიც, რომ მეცის ტურნირზე პირველი წრის დაძლევისთვის 20 სარეიტინგო ქულაა გათვალისწინებული, შეჯიბრის გამარჯვებული კი 250 ქულას აიღებს. ნიკოლოზმა “მოზელ ოუფენზე” შარშანაც ითამაშა და ნახევარფინალამდე მივიდა, სადაც ფრანგ ბენუა პაირესთან 1:6, 6:7 (5:7) წააგო, ამდენად, 90 ქულა აქვს დასაცავი.
წყვილთა ტურნირში ბასილაშვილი და მოლდოველი რადუ ალბოტი ფრანგებს – ხსენებულ ჰუმბერტსა და ჟო-ვილფრედ ცონგას ეთამაშებიან.