კალათბურთი

1:45 | 14.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

საბერძნეთი და გერმანია მაქსიმალურ შედეგს ინარჩუნებენ

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის L ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრებმა ისრაელს 85:80 სძლია, კიდევ 2 მატჩი შედგა.
ცენტრალური შეხვედრა კუნძულე კრეტაზე გაიმართა. ჰერაკლიონის “დიო აორაკლიაში” მასპინძელი საბერძნეთი სერბეთს დაუხვდა და 70:63 სძლია, რითაც საკვალიფიკაციო ტურნირში დაუმარცხებელი გუნდის სტატუსი შეინარჩუნა.

ტანასის სკურტოპულოსის შეგირდთაგან ყველაზე შედეგიანები ნიკ კალატესი და გეორგიოს პრინტეზისი იყვნენ 15-15 ქულით, კონსტანტინოს სლუკასმა 11 ქულა ჩააგდო, ვეტერან იოანის ბურუსისს კი ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა – 9 ქულა, 10 მოხსნა.
სერბები ბერძნებს მოხსნებსა (35:41) და პასებში (14:19) ჩამორჩნენ. საშა ჯორჯევიჩის მიერ გაწვრთნილ გუნდში საუკეთესო ბოგდან ბოგდანოვიჩი იყო 19 ქულით, სტეფან იოვიჩმა 11 ქულა ჩააგდო, ნემანია ბიელიცას კი ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლა – 9 ქულა, 12 მოხსნა.
სერბეთის ეროვნულმა ნაკრებმა შესარჩევ ციკლში უკვე მე-3 მარცხი განიცადა და საქართველოსა და ისრაელს მხოლოდ თითო გამარჯვებით უსწრებს, საბერძნეთი კი მაქსიმალურ შედეგს ინარჩუნებს. ელადელთა აქტივში უკვე 7 მოგებაა და ისინი ჯგუფს გერმანელებთან ერთად ლიდერობენ.
გერმანიის ნაკრებს გაცილებით იოლი მატჩი ჰქონდა, რადგანაც ტალინის “საკუ სუურჰალში” ესტონელებს ესტუმრა და 86:43 გაანადგურა. ჰენრიკ პრიოდლის შეგირდებს ყველა კომპონენტში უპირატესობა ჰქონდათ, მათი ლიდერობა კი ნბა-ში გამობრძმედილმა დენის შრიოდერმა იკისრა. მისი მონაგარი 18 ქულა, 6 მოხსნა და 10 პასი იყო.
12 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა დანილო ბარტელმა, მაიკ ზირბესმა ასევე 12 ქულა ჩააგდო, მაქსიმილიან კლებერის მონაგარი კი 11 ქულა გახლდათ. ესტონელთა მხრიდან 7-ქულიან (!) ზღვარს ერთადერთი კალათბურთელი ასცდა: რაინ ვეიდემანმა მატჩი 14 ქულით დაასრულა.
L ჯგუფში მომდევნო ტურის მატჩები 16 სექტემბერს შედგება: საქართველო თბილისში საბერძნეთს უმასპინძლებს, გერმანია ლაიფციგში ისრაელს დაუხვდება, ხოლო ბელგრადში სერბეთისა და ესტონეთის შეხვედრაა დაგეგმილი.

0.116093