19:57 | 13.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიოს 2020-ის მოცურავეთა ფინალები აშშ-ის პრაიმთაიმს დაემთხვევა

ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების ასპარეზობათა განრიგის შედგენისას ერთადერთ უთანხმოებას მოცურავეთა, წყალში მხტომელთა და მხატვრული (სინქრონული) ცურვის საასპარეზო განრიგი იწვევდა. ოლიმპიური თამაშების ტელეტრანსლაციათა უფლების მქონე ამერიკული ტელეარხი NBC, რომელმაც 2032 წლამდე ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიადების ჩვენების ექსკლუზიური უფლება 7,65 მილიარდ აშშ დოლარად შეიძინა, ფინალების იაპონიის დროით დილის საათებში ჩატარებას ითხოვდა, რაც აშშ-ში პრაიმთაიმს (საღამოს საათებს) ემთხვევა.

ტოკიოს თამაშების ორგანიზატორთა დღევანდელი განცხადებით, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტსა (IOC) და საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ფედერაციასთან (FINA) განრიგი უკვე შეთანხმებულია. საკვალიფიკაციო გაცურვები საღამოს ჩატარდება, ფინალები კი მეორე დღეს, იაპონიის დროით დილით მოეწყობა.

მოცურავეთა ასპარეზობებს 25 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით ტოკიოს ოლიმპიური საწყლოსნო ცენტრი უმასპინძლებს. მარათონულ ცურვაში შეჯიბრებები ჩატარდება ოდაიბას საზღვაო პარკში (5-6 აგვისტო); მხატვრულად (სინქრონულად) მოცურავეთათვის 3-8 აგვისტოა ჩანიშნული. წყალში მხტომელები მედლებისთვის 26 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით იბრძოლებენ, ხოლო წყალბურთელები ტატსუმის საერთაშორისო საცურაო ცენტრში ასპარეზობებს 25 ივლისს შეუდგებიან, ფინალი კი თამაშების დახურვის დღეს, 9 აგვისტოს ექნებათ.

0.117807