კალათბურთი

16:16 | 11.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ისრაელს ერთ-ერთი ლიდერი გამოაკლდა

ისრაელის საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, საქართველოსთან და გერმანიასთან მატჩებს ერთ-ერთი ლიდერის გარეშე ხვდება. ეროვნულ გუნდს გამოაკლდა 35 წლის მსუბუქი ფორვარდი გაი პნინი (სიმაღლე 201 სმ. წონა 94 კგ.), რომელიც სასტარტო ხუთეულის მყარი წევრი გახლდათ.
პნინი ნაკრებთან ერთად სანკტ-პეტერბურგში გამართულ კონდრაშინისა და ბელოვის საერთაშორისო ტურნირში სათამაშოდ იყო ჩასული, თუმცა, რუსეთთან პაექრობისას უკვე მე-2 წუთზე დაშავდა და შესაცვლელი შეიქმნა.
როგორც აღმოჩნდა, პნინის ტრავმა საკმაოდ სერიოზულია, ამდენად, ვეტერანს იძულებითი უქმობა მოუწევს, მის ნაცვლად კი, ისრაელის ნაკრების თავკაცმა ოდედ კატაშმა ადამ არიელს (სიმაღლე 192 სმ.) უხმო.
ცნობისთვის, პნინის კარიერის საუკეთესო წლები (2009-17) თელ ავივის “მაკაბის” რიგებში აქვს გატარებული და 2014-ში ევროლიგის გამარჯვებულიც კი გახდა, ამჟამად კი, ჰოლონის “ჰაპოელში” ირიცხება. გაი ქვეყნის ეროვნული ნაკრების ღირსებას თორმეტ წელზე მეტია იცავს და შემთხვევითი არ ყოფილა, რომ საქართველოსთან მატჩის ოფიციალურ პოსტერზე სწორედ ის იყო გამოსახული.

გასულ ევრობასკეტზე, რომლის ერთ-ერთი მასპინძელი სწორედ ისრაელი გახლდათ, პნინის საკმაოდ დიდი როლი ეკისრებოდა. საქართველოსთან შეხვედრაში, რომელიც ჩვენმა გუნდმა ოვერტაიმში 104:91 მოიგო, მან მოედანზე 27:46 წუთი გაატარა და 3 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. სრულად ტურნირზე გაის საშუალო მონაგარი ასეთი იყო: 22.3 წუთი, 5.6 ქულა, 1.8 მოხსნა, 1.4 პასი,
რაც შეეხება 23 წლის არიელს, ის ისრაელის მთავარ გუნდში პირველადაა, თუმცა კი, ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია. ადამს უცხოეთში მხოლოდ 1 სეზონი აქვს გატარებული (2015-16, “ბრემერჰავენი”, გერმანია), ამ დროისთვის კი, რიშონ ლეციონის “მაკაბის” მაისურით ირჯება. გასულ სეზონში მისი საშუალო მონაგარი 6.8 ქულა, 2.0 მოხსნა და 1.0 პასი იყო, სამქულიანი დისტანციიდან კი 41%-ანი სიზუსტით ესროდა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში ებრაელებმა მასპინძლებს 93:71 სძლიეს და მართალია, შემდეგ პოლონეთთან 76:84 წააგეს, სამთა შეჯიბრის ჩემპიონის ტიტული მაინც არავის დაუთმეს.
ისრაელის ნაკრები მსოფლიოს პირველობის შესარჩევი ციკლის მე-2 ჯგუფური ეტაპის საწყის მატჩს საქართველოსთან 13 სექტემბერს, თელ ავივში ჩაატარებს, 16-ში კი, ლაიფციგში, გერმანიასთან თამაშია დაგეგმილი.

0.150895