კალათბურთი

0:47 | 11.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

“დინამომ” ხორვატი ცენტრი შეიმატა

თბილისის “დინამომ”, რომელსაც ახლო პერიოდში საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაში ბერძნულ “არისთან” დაპირისპირება ელის, კიდევ ერთი ლეგიონერი შეიმატა.
დინამოელთა ახალწვეული 27 წლის ხორვატი ცენტრი დომაგოი ბუბალო (სიმაღლე 212 სმ. წონა 91 კგ.) გახდა, რომელსაც გამოუცდელი მოთამაშე ნამდვილად არ ეთქმის.
ბუბალო გასულ სეზონში ლატვიური “რაპლას” ღირსებას იცავდა, სადაც მისი საშუალო მონაგარი 9.4 ქულა, 6.5 მოხსნა და 1.3 პასი იყო. წინა სეზონშივე მან ბერძნული “ირაკლისის” მაისურის მორგებაც მოასწრო, სადაც საშუალოდ 7.0 ქულასა და 3.7 მოხსნას აგროვებდა.

ხორვატ კალათბურთელს კარიერის განმავლობაში “შიროკი პრიმორკაში” (ბოსნია-ჰერცეგოვინა), “ბაიროითში” (გერმანია), “შიაულაიში” (ლიტვა), “ზაგრებში”, “ზადარში”, “ზაბოკსა” (ყველა – ხორვატია) და “დუკასშიც” (საბერძნეთი) უთამაშია.
ვთქვათ ისიც, რომ 7 წლის წინ, ბუბალო ხორვატიის 20-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო და ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა, სადაც მისი საშუალო მონაგარი საკმაოდ სოლიდური იყო: 10.3 ქულა, 4.6 მოხსნა, 1.1 ჩაჭრა, 1.6 დაფარება.
ამ დროისთვის, “დინამოს” განაცხადში 7 კალათბურთელი ჰყავს შეყვანილი: მიხეილ ჭოჭუა, მიხეილ ბერიშვილი, მერაბ ბოქოლიშვილი, ლევან გრძელიძე, ჯორდან სვოფშირი (აშშ), დომაგოი ბუბალო (ხორვატია), მერაბ მირზიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ხოშტარიას შეგირდებს “არისთან” პირველი დაპირისპირება 20 სექტემბერს ელით. მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება.

0.126203