ქართველი მოჭადრაკე ნინო ხომერიკი (2313) თურქულ გებზეში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ჩინებულ თამაშს განაგრძობს.
მე-9 ნომრად განთესილმა ხომერიკმა ტურნირზე მე-6 გამარჯვება იზეიმა და ერთპიროვნულ ლიდერად რჩება, ამასთან, კონკურენტებთან უპირატესობა უკვე ერთ ქულამდე გაზარდა.
დღეს, ნინომ თეთრი ფიგურებით ფიდე-ს სახელით მოთამაშე გაბრიელა ანტოვას (2292) სძლია, ხვალ კი, შავებით რუს დინარა დორჯიევას (2318) ეთამაშება.
ამ უკანასკნელის გარდა, აქტივში 5.0 ქულა აქვთ ასევე რუსებს ალეკსანდრა მალტევსკაიასა (2234) და ანასტასია პარამზინას (2222).
ვაჟთა ტურნირში ქართველი მოჭადრაკეები ნაკლებად ყოჩაღობენ. ამ დროისთვის, ნოე თუთისანი (2471) 3.5 ქულით 67-ეა, ხოლო გიორგი სიბაშვილს (2425) 2.5 ქულით 104-ე პოზიცია უკავია.