თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” პირველი წინასასეზონო მატჩი ბელგრადის “პარტიზანთან” ჩაატარა და 91:54 იმარჯვა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერი კი დიდებულად გაისარჯა.
შენგელია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 25:41 წუთში 27 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. თოკომ 12-დან 11 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ქართველი მძიმე ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტი 38-ს გაუტოლდა და გასაკვირი არ ყოფილა, რომ ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
“ბასკონიას” მომდევნო საკონტროლო მატჩი 7 სექტემბერს “ბრეოგანთან” ელის, 9-ში კი ბექა ბურჯანაძის ახალ კლუბ “გიპუზკოა ბასკეტს” გაეჯიბრება.
მოსალოდნელია, რომ სწორედ ამ შეხვედრების შემდეგ, შენგელია თბილისში ჩამოვა და ეროვნულ ნაკრებში მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის მზადებას დაიწყებს.