ერთ თვეში, 6 ოქტომბერს არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში სტარტს აიღებს ზაფხულის მესამე ახალგაზრდული ოლიმპიურ თამაშები. 12 დღის განმავლობაში მსოფლიოს 178 ქვეყნის 4 ათასამდე სპორტსმენი სპორტის 32 სახეობაში მედლების 241 კომპლექტს გაითამაშებს. მათ შორის იქნება საქართველოს 15 წარმომადგენელი, რომლებმაც ოლიმპიადის ლიცენზიები სპორტის 10 სახეობაში მოიპოვეს.
ბუენოს აირესში გამოვლენ ქეთევან არბოლიშვილი (მხატვრული ტანვარჯიში), ანა მაქაცარია (ჩოგბურთი), ნინო ხუციბერიძე (ტყვიის სროლა - 10 მ, პნევმატური პისტოლეტი), გიორგი გეგელაშვილი(თავისუფალი ჭიდაობა, 48 კგ) გიორგი თოხაძე (ბ/რ ჭიდაობა, 51 კგ), გიორგი ჩხიკვაძე (ბ/რ ჭიდაობა, 60 კგ), ილია სულამანიძე (ძიუდო, 100 კგ), არჩილ მალაყმაძე (ძალოსნობა, 69 კგ), ზურაბ კინწურაშვილი (ტაეკვონდო, 48 კგ), გიორგი კეკიშვილი (მძლეოსნობა, უროს ტყორცნა), გაგა ხიჯაკაძე (თანამედროვე ხუთჭიდი), 3X3 კალათბურთელთა გუნდი - ლუკა მაზიაშვილი, ლაშა მიქელაძე, ოთარ პერტაია და ზურაბ ჟღენტი.
2010 წლის სინგაპურის პირველ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე სპორტის 3 სახეობაში (ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, ცურვა) 5 ქართველი სპორტსმენი გამოდიოდა. ერთადერთი ბრინჯაოს მედალი ირაკლი მოსიძემ (თავისუფალი ჭიდაობა) მოიპოვა, გუნდურ ჩათვლაში კი 84-ე ადგილზე გავედით.
მეორე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც 2014 წელს ჩინეთის ქალაქ ნანძინში გაიმართა, საქართველოს 12-მა სპორტსმენმა იასპარეზა სპორტის 7 სახეობაში (ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, მძლეოსნობა, კრივი, ცურვა, ბატუტზე ხტომა და ფარიკაობა). მათ ვერცხლის 2 (თამაზ კირაკოზაშვილი - ძიუდო, მექი სიმონია - თავისუფალი ჭიდაობა,) და ბრინჯაოს 1 (ივერიკო ჯულაყიძე - თავისუფალი ჭიდაობა) მედალი აიღეს, გუნდურ ჩათვლაში კი 58-ე ადგილი დაიკავეს.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ ჩვენი ახალგაზრდა სპორტსმენები წინა თამაშების შედეგს გააუმჯობესებენ და ბუენოს აირესში საქართველოს ჰიმნს ააჟღერებენ. სეოკ-ის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის თქმით, ლიცენზიანტთა რაოდენობის თვალსაზრისით ჩვენ სერიოზული წინსვლა გვაქვს, ახლა კი მთავარია არგენტინაში მაქსიმალურად მომზადებულები და მოტივირებულები ჩავიდეთ, ნავსი გავტეხოთ და ახალგაზრდული თამაშების პირველი ისტორიული ოქროს მედლის მოპოვება შევძლოთ.
„ჩვენმა ახალგაზრდა სპორტსმენებმა ურთულესი შესარჩევი პერიოდი წარმატებით გაიარეს და ღირსეულად აიღეს ოლიმპიური ლიცენზიები. წინა თამაშებთან შედარებით, გვყავს მეტი ლიცენზიანტი მეტ დისციპლინაში, მათ შორის - სპორტის სათამაშო სახეობაში. ეს ძალიან კარგია, თუმცა მთავარი ამბები უშუალოდ თამაშებზე გველოდება და იქ უნდა დავამტკიცოთ, რომ ძალა შეგვწევს ვიბრძოლოთ უმაღლესი ხარისხის მედლებისთვის. ახლა ჩვენი ლიცენზიანტები დასკვნით საწვრთნელ შეკრებებზე იმყოფებიან და საუკეთესო პირობებში ემზადებიან წლის მთავარი შეჯიბრებისთვის. დარწმუნებული ვარ, თითოეულ ჩვენს ოლიმპიელს, მათს მწვრთნელებს გაცნობიერებული აქვთ ის დიდი პასუხისმგებლობა, რაც ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას და იქ თავდადებულ გამოსვლას უკავშირდება," - განაცხადა ლერი ხაბელოვმა.
www.geonoc.org.ge