ფეხბურთი

17:59 | 5.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კვეკვესკირი: "ასტანაში გამარჯვებისთვის ჩამოვედით"

საქართველოს ნაკრებისა და ყაზახეთის ნაკრებთა მატჩამდე ერთი დღე დარჩა. “ასტანა არენის” საპრესკონფერენციო დარბაზში ამ წუთებში დასრულდა “ჯვაროსნების” ნახევარმცველის, ნიკა კვეკვესკირის პრესკონფერენცია, რომელმაც ჟურნალისტებთან მოახლოებული და პრინციპული შეხვედრის შესახებ გააკეთა კომენტარი.

ნიკა ყაზახურ “ტობოლში” თამაშობს და ადგილობრივი ფეხბურთი მისთვის ერთი-ორად ნაცნობია. შესაბამისად, ვლადიმირ ვაისან ერთად მედიის წინაშე მისი გამოჩენა მოსალოდნელიც იყო. კვეკვესკირმა აღნიშნა, რომ ორივე გუნდი ერთმანეთს კარგად იცნობს, თუმცა შეეცდებიან მეტოქის მინუსების გამოყენებას და საქართველოს ნაკრები ასტანაში მხოლოდ გამარჯვებისთვის იმყოფება.

- როგორი განწყობაა გუნდში და ხომ არაა გადაღლილი ნაკრები?

- სასიამოვნოა აქ ყოფნა, სასიამოვნოა, რომ ამდენი ადამიანი გამოგვყვა საქართველოდან. მოუთმელნად ველით ამ ტურნირის დაწყებას, რადგან ესაა უნიკალური შანსი საქართველოს ნაკრებისთვის, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ. ყველას გათავისებული გვაქვს ეს პასუხისმგებლობა და სიმბოლურია ისიც, რომ ერთა ლიგა ჩვენი შეხვედრით იხსნება.

გადაღლილობა გუნდში არაა. მართალია, ყაზახეთს ბევრად მეტი დრო ჰქონდა მოსამზადებლად, მაგრამ ამას ხვალ მნიშვნელობა არ ექნება და ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, რომ აქ მობრძანდით და მჯერა, ერთად მივაღწევთ გამარჯვებას.

- რას უნდა ველოდოთ ყაზახეთის ნაკრებისგან?

- სტანიმირ სტოილოვის მოსვლის შემდეგ ნაკრები გარდაისახა და ძლიერ გუნდად ჩამოყალიბდა. ბულგარელის მოსვლის შემდეგ ყველა თამაშში დალაგებული და ნორმალური ფეხბურთი აჩვენა. მეტოქის ძლიერ მხარეებს რაც შეეხება, ეს ალბათ ფიზკური ორთაბრძოლები და სტანდარტული მდგომარეობებია. თუმცა, ჩვენ ვეცდებით, მათი სუსტი მხარეები გამოვიყენოთ. ყაზახეთი ძალიან კარგად გვიცნობს, მაგრამ ჩემზე უკეთ ვლადიმირ ვაისი იცნობს ყაზახეთის ნაკრებს. მოკლედ, ორი ერთმანეთისთვის ნაცნობი გუნდების თამაში იქნება.

სოფო ერქვანია WORLDSPORT.GE-სთვის ასტანიდან

0.334585