სხვა

12:14 | 5.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლიზი კილაძე მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანია!

ქუთაისელი ლიზი კილაძე ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორია - 213.6 ქულა. ჩვენმა მსროლელმა კარიერის ჯერჯერობით უდიდეს წარმატებას ამ დილით სამხრეთ კორეულ ჩანგვონში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე მიაღწია.
საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ფინალში ჩვენი მეორე მონაწილე, ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი ნინო ხუციბერიძეც შევიდა, თუმცა საბოლოოდ 130.5 ქულით მე-7 ადგილზე დარჩა.
აღსანიშნავია, რომ ფინალურ ოქტეტში მხოლოდ საქართველოს და სამხრეთ კორეას ჰყავდათ ორ-ორი წარმომადგენელი.
არადა, ფინალში ხუციბერიძე – მესამე (571 ქულა), კილაძე კი მერვე შედეგით (569) შევიდა. თან ლიზის ამაში დამატებითი მაჩვენებლები წაეხმარა თაბარქულიან რუს იანა ენინასთან – ჩვენებურს ბოლო სერიაში 98 ქულა ჰქონდა, რუსს – 96. კილაძეს უფრო მეტი 10-იანიც ჰქონდა.
საკვალიფიკაციო ეტაპზე ხუციბერიძემ ცალკეულ სერიებში 93, 97, 97, 95, 97 და 92 ქულა მიითვალა და ჯამში 571 ქულა დააგროვა. ამდენივე ჰქონდა გერმანელ ვანესა სეეგრესაც, თუმცა ქართველის აქტივში მეტი 10-იანი იყო და მესამე პოზიციაც მას დარჩა, წინ კი კორეელი ჰიუნიოუნ იოო (576 ქულა) და ფრანგი კამილე იედრზიევსკი (573) იყვნენ. საკვალიფიკაციოში კილაძის შედეგები ასეთია: 94, 93, 94, 94, 96, 98 და ჯამში 569 ქულა.

ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი თურქი იაიდა სევაი ტარჰანი გახდა 237.9 ქულით, ვერცხლი კი სამხრეთ კორეელმა გაუენ ჩოომ მოიპოვა 234.5-ით, ვინც წინა დღეს შერეულ წყვილებში გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.
ამდენად, საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატზე მედლების მონაგარი გახსნა.
ლიზი კილაძე ახალ თაობაში ერთ-ერთი უნიჭიერესი მსროლელია, ვინც აქამდეც დიდოსტატურ შედეგებს აჩვენებდა, თუმცა, მიზეზთა გამო (წინა ოლიმპიურ ციკლში უფროსებში გამოჰყავდათ, რადგან მისი შედეგები რეალურად იძლეოდა ლიცენზიისთვის ბრძოლის საფუძველს), პირველი მედალი ახლა მოიპოვა.
თან ეს საგამოცდო ციებ-ცხელების ფონზე გააკეთა – სკოლა წლეულს დაამთავრა და ჯერ სკოლის გამოსაშვები, მერე კი ეროვნული გამოცდების გამო გაზაფხულიდან მოყოლებული ხეირიანად არც უვარჯიშია, საკმაოდ ბევრი გაუცდა. თუმცა მიზანს მაინც მიაღწია – მედალიც მოიპოვა და სტუდენტიც გახდა.
აქამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი საუკეთესო შედეგი მეხუთე ადგილი იყო (ფინალში მეოთხე შედეგით შევიდა), რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებამდე კი 2 ქულა დააკლდა. მისთვის ეს ამ ასაკში მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატია და კარგია, მისი მონაცემების პატრონმა ახალგაზრდული ნაკრები უმედლოდ რომ არ დატოვა.

0.16407