სექტემბრის სუპერტურნირამდე, რომელიც სტარტს კვირას ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” აიღებს, სულ უფრო ცოტა დრო რჩება, ამდენად, სუმოისტები მზადების დასკვნით ეტაპზე არიან გადასულნი.
დასავლეთის ოძეკის სტატუსის მქონე ქართველი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი კასუგანოს ოთახს ესტუმრა და სეკივაკე მიტაკეუმის, დასავლეთის მე-7 მაეგაშირა ტოჩიოძანსა და აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირა აოიამას გაეჯიბრა.
სპარინგების რაოდენობა 26-მდე ავიდა და სასიხარულოა, რომ ქართველ სეკიტორს მძიმე დღის თავზე დადებითი ბალანსი ჰქონდა. ლევანმა 15-ჯერ იმარჯვა, 11 შერკინებაში კი მარცხი განიცადა.
შეგახსენებთ, რომ აკი ბაშოს წინ, ტოჩინოშინი კადობანში გახლავთ ჩაყენებული, რაც შემდეგს ნიშნავს: თუკი ქართველმა სეკიტორმა მინიმალური დადებითი ბალანსი (კაჩი-კოში) მაინც ვერ დააფიქსირა, მაღალი ტიტულთან გამოთხოვება მოუწევს.