ჭიდაობის სამყაროში წლის უმთავრესი შეჯიბრება ახლოვდება: 20-28 ოქტომბერს უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც მონაწილეთა წინასწარი განთესვა მოხდება.
ამ კუთხით, განსაკუთრებით საინტერესოა მსოფლიო რეიტინგი, რომელსაც ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება () თითოეული წონით კატეგორიაში სარეიტინგო ტურნირებსა და კონტინენტურ ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგის მიხედვით აქვეყნებს.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან რეიტინგში ყველაზე წინ ევროპის მოქმედი ჩემპიონი რობერტ კობლიაშვილია (87 კგ.), რომელიც 33 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს.
ლიდერებთან ახლოს არიან ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები: ნუგზარ წურწუმია (55 კგ.) 16 ქულით მეცამეტეა, დავით ჩხარტიშვილი (60 კგ.) 23 ქულით – მერვე, იური ლომაძე (72 კგ.) 29 ქულით – მეექვსე, ხოლო იაკობ ქაჯაია (130 კგ) 23 ქულით – მეათე.
ევროპის ვიცე-ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე (67 კგ.) 30 ქულით მეექვსე პოზიციაზეა. 82 კგ-ში ევროპის 2-გზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი 19 ქულით მეცამეტეა. ამავე წონაში მსოფლიო პრიზიორი ლაშა გობაძე 17 ქულით მეთვრამეტე ადგილზე იმყოფება. ლევან ქავჟარაძე (63 კგ.) 18 ქულით მეთორმეტე საფეხურზეა, თორნიკე ძამაშვილი (77 კგ.) კი 28 ქულით მეთერთმეტე გახლავთ.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს ევროპის მრავალგზის პრიზიორი ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ.). მის აქტივში 37 ქულაა.
ევროპისა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ბექა ლომთაძე (61 კგ.), მსოფლიოს ჩემპიონები ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ.) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ.) მესამე პოზიციებზე იმყოფებიან.
მსოფლიო პრიზიორი სანდრო ამინაშვილი (86 კგ.) მე-4 ადგილზეა, ისევე, როგორც ირაკლი მწითური (92 კგ.), ხოლო ახალ წონით კატეგორიაში ახლახანს გადაბარგებული ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი (65 კგ.) მერვეა.