ვეტერანი ნახევარმცველი იაია ტურე კარიერას პირეოსის „ოლიმპიაკოსში“ გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას ბერძნული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს. კოტ დივუარელი საბერძნეთში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
აღსანიშნავია, რომ ტურე „ოლიმპიაკოსში“ აქამდეც ირჯებოდა და თეთრ-წითლებში დაბრუნება გამოუვიდა:
„ჩემთვის პატივია აქ ყოფნა. 2006 წელს, როდესაც გუნდი დავტოვე, ვთქვი, რომ ერთ დღეს დავბრუნდებოდი. მიხარია, რომ სიტყვა შევასრულე. ბევრი წინადადება მქონდა ევროპიდან, აზიიდან, აშშ-დან, მაგრამ მივიღე ეს გადაწყვეტილება, რადგან „ოლიმპიაკოსთან“ განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს“, - აღნიშნა ტურემ.
35 წლის იაია ტურე ბოლო რვა სეზონის განმავლობაში „მანჩესტერ სიტის“ ღირსებას იცავდა. იქამდე კი „ბარსელონას“, „მონაკოს“, „ოლიმპიაკოსის“, დონეცკის „მეტალურგისა“ და „ბევერენის“ შემადგენლობაში ირჯებოდა.