ჩოგბურთი

0:20 | 1.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ამერიკის ღია ჩემპიონატის მერვედფინალშია

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია ჩემპიონატის მესამე წრეში არგენტინელი გვიდო პელა 6:3, 6:4, 1:6, 7:6 დაამარცხა და დიდი სლემის ტურნირის მერვედფინალში პირველად გავიდა.

ნიკოლოზმა მატჩი დამაჯერებლად დაიწყო და პირველი სეტი კარგად ჩაატარა. ქართველმა მეოთხე გეიმზე მეტოქე დააბრეიკა და 3:1 დაწინაურდა. ამის შემდეგ 26 წლის ჩოგბურთელმა უპირატესობა შეინარჩუნა და მეტოქეს შანსი არ მისცა. პირველ სეტში ბასილაშვილს ორი ეისი ჰქონდა და ორმაგი შეცდომა არ დაუშვა.

მეორე სეტი უფრო კარგად დაიწყო ნიკოლოზმა და ზედიზედ ორი ბრეიკით 3:0 დაწინაურდა. პელას არაფერი გამოსდიოდა და ბევრ შეცდომასაც უშვებდა, თუმცა მეოთხე გეიმზე, საკუთარ მოწოდებაზე ნიკოლოზმა შეცდომებით ფაქტობრივად აჩუქა პელას გეიმი და არგენტინელს იმედი გაუჩნდა. სამხრეთამერიკელი ქართველს მერვე გეიმზე ებრძოლა და შეეცადა დაბრეიკებას, თუმცა ნიკოლოზმა კრიტიკულ სიტუაციებში კარგად ითამაშა და სეტი 6:4 მოიგო.

მესამე სეტში გვიდომ ჩინებულად იასპარეზა და ბასილაშვილს შანსი არ დაუტოვა. პელამ ზედიზედ ხუთი გეიმი მოიგო, მეტოქის მოწოდებაზე ორჯერ იმარჯვა და საბოლოოდ სეტი 6:1 დასრულდა. მესამე სეტში არგენტინელმა ათი ეისი მოაწოდა.

მეოთხე სეტის მეხუთე გეიმზე ნიკოლოზი საკუთარ მოწოდებაზე 0:40-ს აგებდა, როდესაც ზედიზედ ხუთი ქულა აიღო და შემდეგ მეტოქეც დააბრეიკა - 4:2. ქართველი უპირატეს მდგომარეობაში იყო, თუმცა არგენტინელი არ დანებდა, უკუბრეიკი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა - 4:4. საბოლოოდ სეტი ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ნიკოლოზმა უფრო ზუსტად ითამაშა და საბოლოოდ მატჩი მოიგო.

განვლილ შეხვედრაში საქართველოს ნომერ პირვე ჩოგბურთელმა ხუთი ეისი მოაწოდა, ხოლო პელამ - 18. ორმაგი შეცდომა ნიკოლოზს ერთით ნაკლები ჰქონდა (4:5). სამწუხაროდ ქართველმა 65 შეცდომა დაუშვა, 24-ით მეტი ვიდრე არგენტინელმა, ვინერსი კი ბასილაშვილს ოთხით მეტი ჰქონდა (32-28).

ბასილაშვილი ირაკლი ლაბაძის შემდეგ გახდა მეორე ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც დიდი სლემის ტურნირის მეოთხე წრეში გავიდა. ირაკლი ლაბაძემ 2006 წელს უიმბლდონის მერვედფინალში გააღწია, სადაც რაფაელ ნადალთან ანგარიშით 3:6, 6:7, 3:6 დამარცხდა. მერვედფინალში ბასილაშვილი კარენ ხაჩანოვსა და ნადალს შორის საუკეთესოს შეხვდება. აღნიშნულ ეტაპზე გასვლით ქართველმა 180 სარეიტინგო ქულა და 266, 000 დოლარი გამოიმუშავს. ასევე, ლაივ რეიტინგში ქართველი ხუთი ადგილით დაწინაურდა და კარიერის სარეკორდო, 31-ე ადგილზე იმყოფება.

0.062459