ფეხბურთი

2:37 | 29.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსი" და აეკ-ი ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდნენ

ჩემპიონთა ლიგის 2018-2019 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის 29 მონაწილე ცნობილია. 26 აქამდეც ვიცოდით, მაგრამ ახლა მათი რაოდენობა გაიზარდა. ამსტერდამის “აიაქსი”, ათენის აეკ-ი და ბერნის “იანგ ბოიზი” – ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგის ქვეჯგუფში არიან.

ჰოლანდიის ყველაზე სახელოვანი და ტიტულოვანი გუნდი ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირს დანატრებულია. “აიაქსმა” ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა 4-წლიანი პაუზის შემდეგ მოახერხა. ამსტერდამელებმა ერთი კვირის წინ კიევის “დინამო” შინ 3:1 დაამარცხეს და სასურველი უპირატესობა მიიღეს. მიუხედავად ამისა, “დინამო” იმედოვნებდა, რომ კიევში ჩამორჩენას აღმოფხვრიდა. თუმცა, ცალსახად გამოჩნდა, რომ დღეს “აიაქსი” უკეთესი გუნდია, ვიდრე კიევის “დინამო”. უკრაინის დედაქალაქში გოლი არ გასულა და ბუნებრივია ამ შედეგმა ჰოლანდიელებს ჯგუფის კარი გაუღო. ისე, “აიაქსს” ცოტა იღბალი რომ ჰქონოდა ამ შეხვედრაში, აუცილებლად მოიგებდა, რადგან ძალიან ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 2006-2007 წლების შემდეგ უბრუნდება ათენის აეკ-ი. საბერძნეთის ჩემპიონმა ერთი კვირის წინ უნგრეთში “ვიდეოტონი” 2:1 დაამარცხა და ათენში მოახერხა უპირატესობის შენარჩუნება. გუნდებმა გოლები გაცვალეს და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. ორი მატჩის ჯამში კი ბერძნებმა იმარჯვეს. აქვე გეტყვით, რომ აეკ-ი 2013 წელს გაკოტრდა, მაგრამ მალევე მოახერხა ქვედა ლიგიდან დაწინაურება, მაისში ქვეყნის ჩემპიონი გახდა, ხოლო ახლა 12-წლიანი პაუზის მერე ჩემპიონთა ლიგის მთავარ ბადეში დაიბევა ადგილი.

თუ “აიაქსი” 4, აეკ-ი 12 წლის შემდეგ მოხვდა ჯგუფურ ეტაპზე, შვეიცარიის “იანგ ბოიზი” საერთოდ პირველად ითამაშებს ასეთ დონეზე. ბერნელებმა ისტორიულ წარმატებას მას შემდეგ მიაღწიეს, რაც ხორვატიის ჩემპიონ “დინამოს” აჯობეს. არადა, ამ წყვილში ბალკანელები ფავორიტად მიიჩნეოდნენ. ერთი კვირის წინ, ბერნში გუნდებმა გოლები გაცვალეს, ხოლო დღეს ზაგრებში, ჰაიროვიჩის გოლით “დინამო” მალევე დაწინაურდა. ანგარიშს კარგა ხანს ინარჩუნებდა. მანამ, სანამ “იანგ ბოიზის” ფრანგმა ფორვარდმა ოარომ, რომელსაც თავის დროზე პსჟ-ში უთამაშია, ორწუთიან ინტერვალში დუბლი არ შეასრულა. ასე და ამრიგად, შვეიცარიის ჩემპიონი ჯგუფურ ეტაპზეა.

გასარკვევი სამი მონაწილე გახდა. პლეი-ოფის დასკვნითი შეხვდრები ასეთია:

პაოკ – “ბენფიკა”

პსვ ეინდჰოვენი – “ბატე”

“ზალცბურგი” – “ცრვენა ზვეზდა”

აეკ – “ვიდიეოტონი” 1:1 (0:0) – ორი მატჩის ჯამში: 3:2

გოლები: 1:0 მანტოლასი (1:0, პენ), 1:1 ნეგო (57)

“დინამო” (ზაგრები) – “იანგ ბოიზი” 1:2 (1:0) – ორი მატჩის ჯამში: 2:3

გოლები: 1:0 ჰაიროვიჩი (7), 1:1 ოარო (64, პენ), 1:2 ოარო (66)

“დინამო” (კიევი) – “აიაქსი” 0:0 (0:0) – ორი მატჩის ჯამში: 1:3

0.116767